Aa Aa
8 აგვისტო 2020  |  00:24

მანდარინები და გახარებული გოგა - NBA-ის საიტი ბითაძეზე წერს

NBA-ის ოფიციალურმა საიტმა „ინდიანა პეისერსის“ შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც გოგა ბითაძეზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. სტატიაში ყურადღება „ინდიანას“ საკადრო პრობლემებზეა გამახვილებული და ქართველი კალათბურთელის კომენტარიცაა მოყვანილი.

„პეისერსის“ მოთამაშეებმა მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო საერთო ჯამში 175 შეხვედრა გამოტოვეს. „ფინიქსთან“ წაგებულ მატჩში „ინდიანას“ დაგ მაკდერმოტიც ვერ დაეხმარა, რომელმაც დაზიანებული მუხლის გამო იუქმა. სამაგიეროდ, მაკმილანის გუნდს ახალწვეული გოგა ბითაძე დაუბრუნდა.

ქართველმა ცენტრმა მუხლის ტრავმის გამო საკონტროლო მატჩები და რესტარტის შემდეგ, სამი შეხვედრა გამოტოვა, თუმცა „ფინიქსთან“ პარკეტზე თითქმის 11 წუთი გაატარა და 3 ქულით, 1 მოხსნითა და 1 დაფარებით გამოირჩა.

„პარკეტზე ყოფნა ძალიან კარგი შეგრძნებაა. ურთულესია, საკუთარი თანაგუნდელების თამაშს უყურო და ხედავდე, რომ გუნდს სჭირდები... პარკეტზე დაბრუნებით უბედნიერესი ვარ და რა თქმა უნდა, ბევრად უკეთ თამაში შემიძლია“, - აცხადებს გოგა.

ბითაძეს მუხლი მთელი სეზონის განმავლობაში აწუხებდა და ვარჯიშის განახლების შემდეგ, ტკივილი გაძლიერდა. გოგას თქმით, მას სირბილიც არ შეეძლო და ვარჯიშებში მონაწილეობას ვერ იღებდა, თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა და საბონისის არყოფნაში მზადაა, თავის გუნდს დაეხმაროს. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ქართველი ცენტრი, ისე „ინდიანას“ ექიმები თვლიან, რომ გოგას სეზონის დასრულების შემდეგ, ოპერაციის გაკეთება არ დასჭირდება.

21 წლის კალათბურთელს პარკეტს მიღმა თანაგუნდელებთან ხშირი კონტაქტი აქვს. ცოტა ხნის წინ, მან „ინდიანას“ მოთამაშეებს 2013 წელს გადაღებული ფილმი, „მანდარინები“ აჩვენა. ფილმის დაწყებამდე კი პრეზენტაცია გააკეთა და მისი დასრულების შემდეგ, კითხვებს უპასუხა. გოგას თქმით, ძალიან ემოციური იყო ის, რომ მისი თანაგუნდელები საქართველოთი დაინტერესდნენ და ბითაძის მშობლიური ქვეყნის შესახებ უფრო მეტის გაგება სურდათ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში