Aa
Aa

უსენსაციოდ და ლოგიკურად - ევროპა ლიგაზე გუნდები 1/4 ფინალში დაწყვილდნენ

გუშინ გამართულმა ოთხმა მატჩმა ევროპა ლიგის ბოლო მეოთხედფინალისტები გაარკვია. „ლევერკუზენმა“, „ბაზელმა“ და „ვულვზმა“ ტურნირიდან „რეინჯერსი“, „აინტრახტი“ და „ოლიმპიაკოსი“ გამოთიშეს.

დღის მთავარი მატჩი კი დუისბურგში, „სევილიასა“ და „რომას“ შორის ჩატარდა. ერთმატჩიან 1/8 ფინალში ბევრად უკეთესად ანდალუსიელებმა იასპარეზეს და რომაელებს რეგილონისა და ენ ნესირის გოლებით 2:0 მოუგეს.

შედეგად, „სევილია“ ტურნირის 1/4 ფინალში მეექვსედ ითამაშებს და აქამდე ხუთივე შემთხვევაში 1/2 ფინალის საგზურიც მოიპოვა. ანდალუსიელთა მეტოქე ინგლისური „ვულვზი“ იქნება, რომელიც ამ სტადიაზე ერთადერთხელ, 1971-72 წლების სეზონში მოხვდა.

დავით ხოჭოლავას „შახტარი“ შვეიცარიულ „ბაზელს“ შეხვდება, „მანჩესტერ იუნაიტედი“ დანიურ „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდება, ხოლო 1/4 ფინალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წყვილი „ინტერმა“ და „ლევერკუზენმა“ შეადგინეს.

ევროპა ლიგის 1/4 ფინალები 10 და 11 აგვისტოს, გერმანიაში ჩატარდება. 10 რიცხვში „მანჩესტერი“ და „კოპენჰაგენი“ - კიოლნში, „ინტერი“ და „ლევერკუზენი“ კი დიუსელდორფში ითამაშებენ. 11 აგვისტოს „შახტარი“ და „ბაზელი“ ერთმანეთს გელზერკირხენში შეხვდებიან, ხოლო „სევილია“ და „ვულვზი“ 1/2 ფინალში გამსვლელს დუისბურგში გაარკვევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები