Aa
Aa
7 აგვისტო 2020  |  02:11

ბითაძე ინდიანას დაუბრუნდა - პეისერსმა ფინიქსთან წააგო

„ინდიანა პეისერსის“ ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პარკეტს დაუბრუნდა. 21 წლის ცენტრმა უოლტ დისნეის დასვენების მსოფლიო ცენტრში პირველი შეხვედრა ჩაატარა და მონაწილეობა „ფინიქს სანსთან“ მატჩში მიიღო.

გოგამ 10:41 წუთი ითამაშა და 3 ქულით, 1 მოხსნითა და 1 დაფარებით გამოირჩა. ბითაძემ ორლანდოში პირველი ქულები პერიმეტრიდან აიღო და საწყისი მეოთხედის დასრულებამდე 33.8 წამით ადრე, სამქულიანი გაიფორმა. თამაშიდან კი 4-დან მხოლოდ 1 ბურთი ჩააგდო.

„ინდიანას“ რაც შეეხება, „პეისერსმა“ დასავლეთ კონფერენციის პლეიოფის საგზურისთვის მებრძოლ „ფინიქსთან“ ვერაფერი გააწყო და 114-99 დამარცხდა.

„ინდიანას“ რიგებში საუკეთესო მალკოლმ ბროგდონი იყო, რომელმაც 25 ქულა, 6 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. მაილს ტერნერმა 17 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. ოლადიპო და უეორენი კი 16-16 ქულას დასჯერდნენ.

„სანსთან“ მარცხის შემდეგ, „პეისერსს“ 42 მოგება და 27 წაგება აქვს. „ინდიანა“ მომდევნო შეხვედრას 9 აგვისტოს გამართავს და ლოს ანჯელეს „ლეიკერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები