ანანიძე რუსეთში ბრუნდება და როტორთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს
Aa
Aa

ანანიძე რუსეთში ბრუნდება და როტორთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს

რუსული მედიის ცნობით საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერას ვოლგოგრადის ''როტორში'' გააგრძელებს, რომელიც პრემიერ ლიგაში გასულ სეზონში აღზევდა. Football Bigi-ს ''ტელეგრამ-არხის“ ცნობით ანანიძე ''როტორთან'' ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

''როტორის'' მთავარი მწვრთნელი ცნობილი ბელარუსი სპეციალისტი ალექსანდრ ხაცკევიჩია, რომელიც წარსულში კიევის ''დინამოსა'' და ბელარუსის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა.

გასულ ზამთარში ანანიძე მოსკოვის ''სპარტაკს'' დაემშვიდობა და კარიერა თემურ ქეცბაიას ფორმაციის ''ანორთოსისში'' გააგრძელა, თუმცა 27 წლის ფეხბურთელმა კუნძულზე ჩატარებულ რვა შეხვედრაში შესაძლებლობების რეალიზება ვერ მოახერხა, ადგილობრივი მედია ქართველს აკრიტიკებდა. მას ''ანორთოსისთან'' კონტრაქტი მაისის ბოლომდე აკავშირებდა და ''როტორს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ანანიძე მოსკოვის ''სპარტაკში'' წლიური ხელფასის სახით ორ მილიონ ევროს იღებდა, ''როტორში'' მისი ხელფასი მკვეთრად დაბალია, ის თვეში 13,727 აშშ დოლარს მიიღებს. აღნიშნული წყაროს მიხედვით ფეხბურთელი კვიპროსულ კლუბში თვეში ხელფასის სახით 7 ათას ევროს გამოიმუშავებდა.

''როტორში'' ანანიძის თანაგუნდელები თბილისის ''დინამოს'' ექს-ფორვარდი ბექა მიქელთაძე და რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი ყიფიანი იქნებიან. ეს უკანასკნელი 2019 წელს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ''რუსთავში'' თამაშობდა, შემდეგ მიქელთაძის მსგავსად ყაზანის ''რუბინში'' თამაშობდა, თუმცა სლუცკის მისვლის შემდეგ ორივე მათგანი ''როტორში'' წავიდა.

''როტორის'' ისტორიიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტი 1995-96 წლების უეფას თასის სეზონს უკავშირდება, როცა რუსულმა გუნდმა სერ ალექს ფერგიუსონის ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ბარიერი დაძლია და ''წითელი ეშმაკები'' ტურნირს გამოთიშა, რაც ცხადია დიდი სენსაცია იყო.

ფოტო: gettyimages

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები