რუსეთთან გამარჯვება და გოლი ევროპის ჩემპიონთან - ასათიანის ყველა გოლი ეროვნულ გუნდში
Aa
Aa

რუსეთთან გამარჯვება და გოლი ევროპის ჩემპიონთან - ასათიანის ყველა გოლი ეროვნულ გუნდში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელი მალხაზ ასათიანი 39 წლის გახდა. იუბილარმა, რომელმაც ფეხბურთელის კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა, ეროვნულ გუნდში 42 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მან ოთხივე გოლი ოფიციალურ მატჩში შეაგდო და ამ მატჩებში საქართველოს ნაკრების მეტოქეები საკმაოდ ძლიერი გუნდები იყვნენ.

ეროვნულ გუნდში პირველი ოფიციალური მატჩი ევრო 2004-ის შესარჩევ ციკლში ჩაატარა. ივო შუშაკს ასათიანის თამაში ძალიან მოსწონდა, თბილისის ''დინამოში'' მისი გადაბირება ვერ მოახერხა, თუმცა როცა ხორვატი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა, სადებიუტო შეხვედრისთვის ასათიანი გამოიძახა და  რუსეთთან სასტარტოში ათამაშა. საქართველოს ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან შეხვედრაში 21 წლის ასათიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ეს გოლი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია.

 

მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ექს-მცველმა მეორე გოლი მსოფლიოს 2006 წლის შესარჩევის პირველ მატჩში შეაგდო. ფათიხ თეკეს გოლით მასპინძლები იგებდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს ალან ჟირესმა თამაშში ასათიანი ჩართო. 84-ე წუთზე გოჩა ჯამარაულის ჩაწოდების შემდეგ ასათიანმა თავური დარტყმით საქართველო მარცხისგან იხსნა.

თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდი იყო. ერსუნ იანალის გაწვრთნილ გუნდში ჰასან შაში, ჰაქან შუქური და ემრე ბელოზოღლუ თამაშობდნენ. ფეხბურთელები, რომლებმაც მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავეს.

 

საქართველოს ნაკრების მაისურით ასათიანმა ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა მორტენ ოლსენის დანიასთან ჩაატარა. 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში, თბილისში, ''მიხეი მესხზე'' იონ დალ ტომასონის გოლებით დანია ორჯერ იგებდა, თუმცა ჯერ ასათიანის პასით დემეტრაძემ გაათანაბრა, 74-ე წუთზე კი ასათიანმა მეტოქის ნახევარზე ბრწყინვალედ იმოქმედა, შესანიშნავი ''ფინტი'' შეასრულა და შორეული დარტყმით ნაკრები მარცხისგან მეორედ იხსნა.

 

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში ასათიანმა ევროპის მოქმედ ჩემპიონ საბერძნეთსაც გაუტანა, თუმცა აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოვიდა. 22-ე წუთზე ლევან კობიაშვილის ძლიერი დარტყმა ნიკოპოლიდისმა მოიგერია, თუმცა დასწრებაზე ასათიანმა ითამაშა და ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს საბერძნეთმა ორი გოლი გაიტანა, საბოლოოდ კი საქართველო 1:3 დამარცხდა.

 

 შემდგომში მალხაზ ასათიანი ეროვნულ ნაკრებში მეტწილად ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა. ის ძალიან გამორჩეული ფეხბურთელი იყო იმ მხრივ, რომ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში პროდუქტიულად თამაშის დიდი შესაძლებლობები ჰქონდა.

ეროვნულ გუნდში უკანასკნელად 2010 წლის 12 ოქტომბერს, ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად ლატვიასთან ითამაშა. ამავე წელს მოსკოვის ''ლოკომოტივთან'' კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.

მან კარიერის საუკეთესო წლები მოსკოვის ''ლოკომოტივში'' გაატარა, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე ითამაშა, რუსეთის ჩემპიონი, თასის მფლობელი და სუპერთასის გამარჯვებული გახდა. რუსული გუნდის გარდა ქუთაისის ''ტორპედოსა'' და კიევის ''დინამოში'' იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები