Aa
Aa

ლეიკერსმა იუტა დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი გაინაღდა

ლოს-ანჯელეს „ლეიკერსმა“ საკუთარ ისტორიაში მე-17-ედ დასავლეთ კონფერენციის პირველი ადგილი გაინაღდა. გამთენიისას ლებრონ ჯეიმსი და კომპანია „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე 116-108 დაამარცხეს.

„ლეიკერსის“ წარმატების მთავარი შემოქმედი ენტონი დევისი გახლდათ, რომელიც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და აქტივში 42 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა ჩაიწერა. „მეფემ“ 22 ქულა, 8 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა, დუაით ჰოვარდი კი 11 ქულას დასჯერდა.

„იუტას“ მხრიდან 33 ქულით დონოვან მიჩელი გამოირჩა. მაიკ კონლიმ 24 ქულა ჩააგდო, ხოლო რუდი გობერმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 16 ქულა, 13 მოხსნა.

„ლეიკერსმა“ დასავლეთ კონფერენციაში საუკეთესო შედეგი ბოლოს 2010 წელს დააფიქსირა. მაშინ ლოს-ანჯელესელებს კობი ბრაიანტი ლიდერობდა და „შავმა მამბამ“ გუნდს საჩემპიონო ბეჭდებიც მოაპოვებინა.

ცნობისთვის, „ლეიკერსი“ მომდევნო შეხვედრას 6 აგვისტოს გამართავს და „ოკლაჰომა სითი თანდერს“ შეერკინება. „იუტა“ კი ხვალ „მემფის გრიზლისს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები