Aa Aa
31 ივლისი 2020  |  09:15

ლოს-ანჯელესური დერბი ლეიკერსმა მოიგო - ლებრონმა კობის გადაასწრო

გამთენიისას, NBA-ის რეგულარული სეზონი „ნიუ ორლეანისა“ და „იუტა“ მატჩით განახლდა. „პელიკანსისა“ და „ჯაზის“ დაპირისპირების შემდეგ კი პარკეტზე დასავლეთ კონფერენციის ლიდერები, „ლეიკერსი“ და „კლიპერსი“ გავიდნენ.

ლოს-ანჯელესურმა დერბმა გულშემატკივართა იმედები გაამართლა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. საფინალო სირენამდე 28.7 წამით ადრე, პოლ ჯორჯმა სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა. მომდევნო შეტევაში ლებრონ ჯეიმსმა თავისი გუნდი 2 ქულით დააწინაურა, რასაც დაცვაში ბრწყინვალე თამაში მიაყოლა და „ლეიკერსმა“ 103-101 მოიგო.

„მეფესთვის“ ეს შეხვედრა განსაკუთრებული აღმოჩნდა. ლებრონმა რეგულარულ სეზონში მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით კობი ბრაიანტსა და კლიფორდ რობინსონს გადაასწრო და მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

სტატისტიკას რაც შეეხება, ჯეიმსმა აქტივში 16 ქულა, 11 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ლებრონთან ერთად, „ლეიკერსის“ ლიდერობა საკუთარ თავზე ენტონი დევისმა აიღო, რომელიც 34 ქულით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

„კლიპერსის“ მხრიდან 30 ქულით პოლ ჯორჯი გამოირჩა. კავაი ლეონარდმა 28 ქულა დააგროვა. პატრიკ ბევერლი კი 12 ქულა დასჯერდა.

„ლეიკერსმა“ მიმდინარე რეგულარულში 50-ე გამარჯვება გაიფორმა და მომდევნო შეხვედრას 2 აგვისტოს, „ტორონტოს“ წინააღმდეგ გამართავს. „კლიპერსის“ მომდევნო მეტოქე კი „ნიუ ორლეან პელიკანსი“ გახლავთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები