Aa
Aa

NBA ოფიციალურად დაბრუნდა - გახსნით შეხვედრაში იუტამ ნიუ ორლეანი დაამარცხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს „ნიუ ორლეან პელიკანსი“ და „იუტა ჯაზი“ დაუპირისპირდნენ.

მატჩი საინტერესო გამოვიდა და გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. საფინალო სირენამდე 32 წამით ადრე, ანგარიში თანაბარი იყო და ბურთი „ჯაზმენებს“ ჰქონდათ. დონოვან მიჩელის ბრწყინვალე თამაშის შედეგად, რუი გობერმა ორი საჯარიმოს სროლის უფლება მიიღო და 6.9 წამით ადრე, საკუთარი გუნდი 2 ქულით დააწინაურა. „ნიუ ორლეანმა“ ბოლო შეტევის დასრულება ბრენდონ ინგრემს მიანდო, რომელმაც სამქულიანი გაუშვა, მაგრამ არ გაუმართლა და „იუტამ“ 106-104 იმარჯვა.

„ჯაზის“ რიგებში 23 ქულით საუკეთესო ჯორდან კლარკსონი იყო. მაიკ კონლიმ და დონოვან მიჩელმა 20-20 ქულა დააგროვეს. რუდი გობერი კი ორმაგი დუბლით გამოირჩა და 14 ქულასთან ერთად, 12 მოხსნა გაიფორმა.

„პელიკანსს“ 23 ქულით ბრენდონ ინგრემმა ულიდერა. ჯეი ჯეი რედიკი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21 ქულა მიითვალა. ჯრუ ჰოლიდეიმ 20 ქულა გაიფორმა, ხოლო „ნიუ ორლეანის“ მთავარმა ვარსკვლავმა, ზაიონ უილიამსონმა პარკეტზე 15 წუთი გაატარა და 13 ქულას დასჯერდა.

„იუტასთან“ მარცხის შემდეგ, „ნიუ ორლეანს“ მომდევნო დაპირისპირება „კლიპერსის“ წინააღმდეგ ელის. „ჯაზმენები“ კი „ოკლაჰომას“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები