EA Sports UFC-ის გარეკანის წყევლა - მასვიდალმა წააგო, შემდეგი ადესანიაა
Aa
Aa
14 ივლისი 2020  |  22:27

EA Sports UFC-ის გარეკანის წყევლა - მასვიდალმა წააგო, შემდეგი ადესანიაა

UFC-ის ქომაგთა შორის არსებობს თეორია, რომელიც ვიდეოთამაშ EA Sports UFC-სა და მის გარეკანზე მოხვედრილ მებრძოლებს უკავშირდება. UFC-ის გულშემატკივრები ამ თეორიას „გარეკანის წყევლას“ უწოდებენ და თვლიან, რომ გარეკანზე მოხვედრილ მებრძოლებს კარიერაში სერიოზული პრობლემები ექმნებათ.

ქომაგების მიხედვით, ყველაფერი UFC 2-ით დაიწყო, თუმცა მოკლედ UFC 1-ის შესახებაც ვისაუბროთ. ამ ვიდეოთამაშის გარეკანზე ჯონ ჯონსი და ალექსანდრ გუსტაფსონი იყვნენ გამოსახული. მართალია, „ბოუნსს“ ბრძოლა არ წაუგია, მაგრამ სკანდალში გაეხვია და რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. გუსტაფსონს რაც შეეხება, მან საჩემპიონო შერკინება დათმო.

UFC 2-ის გარეკანზე რონდა როუზი და კონორ მაკგრეგორი ვიხილეთ. „როუდი“, რომელიც მანამდე დაუმარცხებელი იყო, ვიდეოთამაშის დაანონსებიდან და გარეკანის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჰოლი ჰოლმთან განადგურდა. მაკგრეგორმა კი, მომდევნო ბრძოლაში ჟოზე ალდო დაამარცხა, მაგრამ ვიდეოთამაშის გაყიდვაში ჩაშვებამდე რამდენიმე დღით ადრე, ნეით დიასთან წააგო.

UFC 3-ის გარეკანზე კონორ მაკგრეგორი იყო გამოსახული. ვიდეოთამაში 2018 წლის თებერვალში გამოვიდა, ირლანდიელმა კი, არააქტიურობის გამო ჯერ საჩემპიონო ქამრები დათმო, ხოლო ამავე წლის ოქტომბერში ხაბიბ ნურმაგომედოვთან განადგურდა.

UFC 4-ის გარეკანზე ხორხე მასვიდალი და ისრაელ ადესანია იქნებიან გამოსახულნი. „გეიმბრედმა“ გარეკანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კამარუ უსმანის წინააღმდეგ გამართული ბრძოლა წააგო და ჯერჯერობით ერთადერთი, ვისაც წყევლის განადგურების შანსი აქვს ისრაელ ადესანიაა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები