პაპუნაშვილი ესპანეთის დატოვებას და შვეიცარიული კლუბის წინადადებას განიხილავს
Aa
Aa
14 ივლისი 2020  |  12:34

პაპუნაშვილი ესპანეთის დატოვებას და შვეიცარიული კლუბის წინადადებას განიხილავს

ესპანური მედიის ცნობით ''რასინგში'' განათხოვრებული გიორგი პაპუნაშვილი შესაძლოა ოთარ კაკაბაძის თანაგუნდელი გახდეს და ''ლუცერნთან'' კონტრაქტი გააფორმოს. შვეიცარიულმა კლუბმა პაპუნაშვილს კონტრაქტის პირობები გააცნო და ''ლუცერნის'' ხელმძღვანელებს ქართველის გადაბირების დიდი სურვილი აქვთ. ინფორმაციას Grada3 ავრცელებს.

2017 წელს ''სარაგოსამ'' პაპუნაშვილი 300 000 ევროს სანაცვლოდ თბილისის ''დინამოდან'' შეიძინა, თუმცა ახლა 24 წლის შემტევს ''სარაგოსასთან'' კონტრაქტის გაწყვეტა სურს, რაც ნიშნავს, რომ ''ლუცერნს'' სატრანსფერო თანხის გადახდა არ მოუწევს. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო შვეიცარიულ მხარეს სატრანსფერო თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს და პაპუნაშვილი ცდილობს ''სარაგოსა'' კონტრაქტის გაწყვეტაზე დაითანხმოს.

შვეიცარიულ კლუბში პაპუნაშვილის მეგობარი ოთარ კაკაბაძე ასპარეზობს, რაც ადაპტაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასე რომ თუ შეთანხმება შედგა, ''ლუცერნში'' საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ ფეხბურთელს ვიხილავთ.

თბილისის ''დინამოს'' ყოფილ ფეხბურთელს ესპანეთის გარდა გერმანიაში თამაშის გამოცდილებაც აქვს, თუმცა ბრემენის ''ვერდერის'' პირველ გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და 2017 წელს კონტრაქტი ''სარაგოსასთან'' გააფორმა. პაპუნაშვილის ესპანურ კარიერაში ყველაზე წარმატებული სეზონი 2017-18 წლებში იყო, შემდეგ ტრავმა მიიღო, მოედანზე დაბრუნებას დიდი დრო დასჭირდა და სასტარტოში ადგილი დაკარგა. 

2020 წლის ზამთარში პაპუნაშვილი სანტანდერის ''რასინგში'' გაანათხოვრეს. ლა ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ კლუბში პაპუნაშვილის კარიერა წარუმატებლად მიმდინარეობს, ''სარაგოსას'' მსგავსად ''რასინგშიც'' სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა. მისი მთავარი პრობლემა უცვლელი დარჩა, რაც სათამაშო დროის სიმცირეს გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები