„ორთაბრძოლების მონსტრი“ - Kicker-ი ლოჩოშვილზე წერს
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Kicker-ი „ნიურნბერგის“ ქართველ ცენტრალურ მცველზე, ლუკა ლოჩოშვილზე წერს.
მისი ინფორმაციით, „ნიურნბერგის“ კაპიტანი, ფაბიო გრუბერი კარიერას „მაინცში“ გააგრძელებს, ასევე დიდია იმის ალბათობა, რომ გუნდს ლოჩოშვილი დატოვებს, ვინაიდან მისით ევროპული ქვეყნების უმაღლესი დივიზიონების რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.
„გრუბერისა და ლოჩოშვილის წასვლის ფონზე „ნიურნბერგს“ დაცვის ცენტრის გაძლიერება დასჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა უკვე დაიმატა საბერძნეთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ალექსიოს კალოგეროპულოსი.
კლუბში „ორთაბრძოლების მონსტრის“, ლუკა ლოჩოშვილის დარჩენა ძალიან გასაკვირი იქნება, ვინაიდან ის უკვე მოხვდა რამდენიმე ევროპული კლუბის რადარზე, მას შემდეგ რაც სეზონის მეორე ნახევარში საგრძნობლად გააუმჯობესა თამაშის დონე. „ნიურნბერგმა“ ლოჩოშვილის სანაცვლოდ „სალერნიტანას“ მილიონი ევრო გადაუხადა, ახლა კი კლოზეს გუნდი ქართველი მცველის გაყიდვით კარგ ფინანსურს სარგებელს ნახავს“.
ცნობისთვის, ლოჩოშვილი 28 წლისაა და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 2,5 მილიონი ევროა. „ნიურნბერგთან“ ქართველი მცველის კონტრაქტი 2029 წლამდეა გათვლილი.