ვიდეოზარი ბრძოლის დროს - მასვიდალის მწვრთნელი Covid-19-მა ვერ შეაჩერა
Aa
Aa
13 ივლისი 2020  |  23:24

ვიდეოზარი ბრძოლის დროს - მასვიდალის მწვრთნელი Covid-19-მა ვერ შეაჩერა

ხორხე მასვიდალს კამარუ უსმანის წინააღმდეგ ბრძოლის ჩატარება თავისი მწვრთნელის, მაიკ ბრაუნის გარეშე მოუწია. ამ უკანასკნელს რამდენიმე დღის წინ, Covid-19 დაუდგინდა და აბუ-დაბიში გამგზავრება და მასვიდალის კუთხეში ყოფნა ვერ მოახერხა.

კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, ბრაუნმა თავისი შეგირდის დასახმარებლად მაქსიმუმი გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, რაუნდებს შორის მასვიდალის წარმომადგენლებსა და ბრაუნს შორის Facetime-ის საშუალებით ვიდეოზარი ხორციელდებოდა და ამერიკელი მწვრთნელი „გეიმბრედს“ რჩევებს აძლევდა.

მასვიდალს მწვრთნელის დახმარებამ ვერ უშველა და 35 წლის მებრძოლი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა - 50-45, 50-45, 49-46.

ცნობისთვის, უსმანის წინააღმდეგ გილბერტ ბერნსს უნდა ეჩხუბა, მაგრამ მას კორონავირუსი დაუდგინდა და ბრძოლამდე 6 დღით ადრე, „ნიგერიელ კოშმარს“ მეტოქე შეეცვალა. მასვიდალმა რამდენიმე რთული დაბრკოლება გადალახა, მაგრამ უსმანს ვერაფერი მოუხერხა და საჩემპიონო ქამარი ვერ დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები