წლის კურიოზი რუმინეთში - 3-ჯერ გამეორებული პენალტი და გაძევებული მეკარე
Aa
Aa
12 ივლისი 2020  |  13:55

წლის კურიოზი რუმინეთში - 3-ჯერ გამეორებული პენალტი და გაძევებული მეკარე

ფეხბურთში კურიოზები ხშირად ხდება და ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი გვინახავს, თუმცა რაც რუმინეთის რანგით მეორე ლიგაში მოხდა, საეჭვოა ასეთი რამ ბევრ თქვენგანს ნანახი ჰქონდეს.

„რაპიდ ბუქარესტი“ საპლეიოფო ზონაში მოსახვედრად „პეტროლულს“ ესტუმრა, მატჩი უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან მოწინავე სამეულს უმაღლეს ლიგაში აღზევების საშუალება ეძლევა.

პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. სტუმრები 28-ე წუთიდან კაცნაკლულები თამაშობდნენ. მეორე ნახევარში კი მათ დაწინაურების შანსი მიეცათ, მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მეკარე მიჰაი პოპამ (18 წლის) მოიგერია, თუმცა დარტყმის მომენტში მან წესი დაარღვია და კარის ხაზიდან საკმაოდ წინ გამოვიდა.

მთავარმა არბიტრმა მეკარეს ყვითელი ბარათი უჩვენა და თერთმეტმეტრიანი ხელმეორედ დანიშნა, რომელიც პოპამ კვლავ მოიგერია, თუმცა კარის ხაზიდან ამჯერადაც წინ იყო გამოსული.

საბოლოოდ, მსაჯმა მას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. კარში სათადარიგო მეკარე 19 წლის ალექსანდრუ ტატარუ ჩადგა. „რაპიდ ბუქარესტის“ ფეხბურთელმა კი მესამე მცდელობიდან პენალტი კარს საერთოდ ააცილა.

ასეთ რამეს ხშირად ნამდვილად ვერ ვნახავთ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები