Aa
Aa

აგენტი, სახელად ანტონიო რუდიგერი - ჩელსი ჰავერცის ტრანსფერზე მუშაობს

ლონდონის „ჩელსი“ კაი ჰავერცის ტრანსფერზე მუშაობს და „არისტოკრატებმა“ საქმეში თავიანთი საიდუმლო იარაღი ჩართეს. Bild-ის ინფორმაციით, „ლურჯების“ უკანახაზელს, ანტონიო რუდიგერს „ლევერკუზენის“ 21 წლის შემტევთან ხშირი კონტაქტი აქვს და აქტიურად ცდილობს „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლაზე დაიყოლიოს.

გავლენიანი გერმანული გამოცემა იუწყება, რომ რუდიგერსა და ჰავერცს შორის პირველი საუბარი 2 კვირის წინ შედგა და „ჩელსის“ ფეხბურთელი მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს აკეთებს.

როგორც მოგეხსენებათ, რუდიგერმა აგენტის ფუნქციები ერთხელ უკვე შეითავსა და ტიმო ვერნერის ტრანსფერში დიდი როლი ითამაშა. „ნისლიან ალბიონზე“ აცხადებენ, რომ სწორედ 27 წლის მცველის დამსახურებაა ვერნერმა „ჩელსიში“ გადასვლაზე თანხმობა რომ განაცხადა.

ჰავერცს რაც შეეხება, გერმანელმა შემტევმა „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა, რომ კარიერის სხვა კლუბში გაგრძელებას გეგმავს. ჰავერცმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და აქტივში 12 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები