''იცავდა და დაიცავს სამშობლოს ღირსებას და ინტერესებს'' - ფედერაცია შენგელიას ტრანსფერზე
Aa
Aa

''იცავდა და დაიცავს სამშობლოს ღირსებას და ინტერესებს'' - ფედერაცია შენგელიას ტრანსფერზე

თორნიკე შენგელია ესპანური ''ბასკონიადან'' მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა. პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე რუსულ კლუბში ტრანსფერს ქართველ ქომაგთა დიდი ნაწილი კრიტიკულად შეხვდა. შენგელიას ტრანსფერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდიც გამოეხმაურა და მოკლე განცხადება განათავსა: 

''საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს!

წარმატებები თოკო!!!''

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ს რიგებში გადასვლა ოფიციალურად დადასტურდა. მოსკოველთა "ტვიტერის" ოფიციალური გვერდის ცნობით, შენგელიამ მათ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მან ცსკა-ს კალათბურთელის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა.

"მოხარული ვარ, რომ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ვითამაშებ და ერთი სული მაქვს მოთამაშეთა ამ შესანიშნავ ჯგუფსა და სამწვრთნელო შტაბს როდის შევუერთდები. იმედია, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და რუსეთის ჩემპიონატში ბევრ წარმატებას მივაღწევ", - განაცხადა 28 წლის ქართველმა.

შეგახსენებთ, 2019-20 წლების სეზონში შენგელია ''ბასკონიასთან'' ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები