შენგელია ცსკა-ში ტრანსფერზე: „ჩემი აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს, გადაწყვეტილი არაფერია
Aa
Aa

შენგელია ცსკა-ში ტრანსფერზე: „ჩემი აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს, გადაწყვეტილი არაფერია"

„ბასკონიას“ ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია მისი ცსკა-ში შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. თოკომ ინტერვიუ ტელეკომპანია „იმედს“ მისცა და გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

„ოფიციალურად არაფერია გადაწყვეტილი. ხელი არაფერზე მაქვს მოწერილი და ცსკა-დან ეს უბრალოდ ინტერესის დონეზე იყო. მათ ვთხოვე, რომ ეს პერიოდი მჭირდებოდა, რათა ამ ტურნირზე (ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი) მობილიზებული ვყოფილიყავი და ვნახოთ, რამდენიმე დღეში გადაწყდება, რა მოხდება.

ცსკა-სთან მოლაპარაკებებს ჩემი აგენტი აწარმოებს და ინტერესი როგორც კლუბის პრეზიდენტისგან, ისე მწვრთნელისგან მოდის. რამდენიმე წლის წინ, შეთავაზება მადრიდიდან იყო, მაგრამ წლეულს ნამდვილად არ ყოფილა. მილანიდან იყო ინტერესი, თუმცა მალევე გვითხრეს, რომ არაფერი გამოვიდოდა. ერთადერთი სერიოზული დაინტერესება სწორედ ცსკა-დან გახლდათ.

ცსკა-ში გადასვლით ან არგადასვლით ჩემი დამოკიდებულება ჩემს ქვეყანაზე და ჩემს ხალხზე ერთი წამითაც არ იცვლება. იმედი მაქვს, ჩემ მიმართ ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის დამოკიდებულებაც არ შეიცვლება. სიმართლე გითხრათ, ჩემს პატრიოტიზმზე და სამშობლოს სიყვარულზე ახსნა-განმარტებების დაწყება, ცოტა უცნაურად მეჩვენება“, - განაცხადა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსულ პრესაში რამდენიმე დღეა წერენ, რომ თოკომ ცსკა-სთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და კლუბს საკუთარი მომავალი 3 წლით დაუკავშირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები