Aa
Aa

58 წელი დიდი გამარჯვებიდან - როცა დინამომ ევროლიგის ფინალში რეალი დაამარცხა

თბილისის „დინამოს“ დიდი ევროპული წარმატებიდან 58 წელი გავიდა. 1962 წლის 29 ივნისს, „დინამოელები“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის „ევროლიგის“ ჩემპიონები გახდნენ და ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ფურცელი ჩაწერეს.

ოთარ ქორქიას დამოძღვრილმა „დინამომ“ ტურნირის მიმდინარეობისას ბუქარესტის „სტიაუა“, თურქული „დარუშაფაკა“ და მოსკოვის ცსკა დაამარცხეს და ფინალში მადრიდის „რეალზე“ გავიდნენ.

სატიტულო შეხვედრას შვეიცარიის ქალაქმა ჟენევამ უმასპინძლა, „დინამომ“ კი ესპანურ საკალათბურთო გიგანტს 7-ქულიანი სხვაობით 90:83 მოუგო.

ფინალურ მატჩში მონაწილეობა გურამ მინაშვილმა, ვალერი ალტაბაევმა, ვლადიმირ უგრეხელიძემ, ილარიონ ხაზარაძემ და ანზორ ლეჟავამ მიიღეს, სათადარიგოთა სკამიდან კი თამაშში ლევან მოსეშვილი, რევაზ გოგელია, ალექსანდრე კილაძე, ალექსანდრ პეტროვი და ამირან სხიერელი ჩაერთნენ.

„რეალს“ 17 ქულა ალტაბაევმა ჩაუგდო, უგრეხელიძის ანგარიშზე 14 ქულა იყო, ხოლო კილაძემ და პეტროვმა შესაბამისად - 14 და 12 ქულა მიითვალეს.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან დღემდე „ევროლიგა“ მხოლოდ 3 კლუბს აქვს მოგებული: მოსკოვის ცსკა-ს, ლატვიურ „რიგასა“ და თბილისის „დინამოს“.

აღსანიშნავია, რომ 1961-62 წლების სეზონი „ევროლიგის“ ისტორიაში მე-5 გახლდათ და „რეალი“ თავისი პირველი ტიტულის მოგება ცდილობდა, „დინამოს“ მიერ 1/2 ფინალში დამარცხებული ცსკა კი გათამაშების მოქმედი ჩემპიონი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები