ფაჩულია: ''ინტელექტის და სწრაფი აზროვნების გარეშე წარმატება წარმოუდგენელია''
Aa
Aa

ფაჩულია: ''ინტელექტის და სწრაფი აზროვნების გარეშე წარმატება წარმოუდგენელია''

ზაზა ფაჩულია, რომელმაც NBA-ში 16 წელი გაატარა, ტელეკომპანია ''მთავართან'' ინტერვიუში საინტერესო თემებზე საუბრობს. დავით ერაძესთან ინტერვიუში ქართული კალათბურთის ლეგენდა ცოდნის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ზაზა ფაჩულია: ''ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყოველ შეხვედრაზე, განსაკუთრებით ბავშვებთან, ყურადღებას ცოდნაზე ვამახვილებ. ცოდნა განსაკუთრებით საჭიროა დღევანდელ რეალობაში, როცა კონკურენცია ძალიან მაღალია. მოედანზე მხოლოდ ფიზიკური მომზადება არაფრის მომცემია, სწრაფი აზროვნება აუცილებელია, რადგან სპორტის სხვა სახეობები და მათ შორის კალათბურთი ძალიან სწრაფი გახდა.

ქულებსაც რომ დავაკვირდეთ, NBA-ში ყოველ შეხვედრაში 100 ქულაზე ნაკლები არ ვარდება. ახლა თუ უყურეთ მაიკლ ჯორდანზე შექმნილ დოკუმენტურ ფილმს, ყველა მატჩში 100 ქულაზე ნაკლები ფიქსირდებოდა, ახლა კი სხვა რეალობაა.

თუ სწრაფად არ აზროვნებ, თუ ინტელექტი არ გაქვს და სწრაფად გადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლია, ძალიან გაგიჭირდება. დღეს NBA-ში ძალიან სწრაფი ტემპია.''

ფაჩულიამ ბავშვობის წლებიც გაიხსენა, როცა საქართველოში ვარჯიშობდა: ''რთული დრო იყო, უწყლობა, უშუქობა, ჩამტვრეული შუშები, თუმცა იმ ვითარებამ ბევრი რამ მომცა, თუმცა ცხადია არავის ვუსურვებ იმ რეალობაში ცხოვრებას, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო.''

ფაჩულიამ ბითაძისა და მამუკელაშვილის შესახებ ისაუბრა: ''ბითაძით და მამუკელაშვილით ძალიან ვამაყობ. უპირველესად მათი ადამიანური თვისებებით ვამაყობ. ევროპულ კალათბურთში თამაშის რაც არ უნდა დიდი გამოცდილება გქონდეს, NBA სულ სხვა დონეა. აქ სხვა კულტურაა, სხვა გარემოში ხვდები და ადაპტირებისთვის დრო გჭირდება.

მამუკელაშვილის ოჯახი გავიცანი და მივხვდი თუ საიდან მოდის მისი ინტელექტი. ძალიან შრომისმოყვარე კალათბურთელია და იმედი მაქვს, როგორც სანდრო, ასევე გოგა წარმატებას მიაღწევენ.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები