''რუსები გვბომბავდნენ და იქ თამაშზე უარი ვთქვი'' - ''დემე'' ბაიერნთან გამარჯვებას და ომს იხსენებს
Aa
Aa

''რუსები გვბომბავდნენ და იქ თამაშზე უარი ვთქვი'' - ''დემე'' ბაიერნთან გამარჯვებას და ომს იხსენებს

კიევის ''დინამოს'' ექს-ფორვარდმა გიორგი დემეტრაძემ ვალერი ლობანოვსკის გუნდში გატარებული პერიოდი უკრაინულ მედიასთან საუბარში გაიხსენა. დემეტრაძე football24.ua-ს ესაუბრა.

''ჰოლანდიურ და ბელგიურ კლუბებს უარი ვუთხარი და კონტრაქტი კიევის ''დინამოსთან'' გავაფორმე, ეს გუნდი ხომ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მაგრამ იქ თამაში ჩემთვის ადვილი არ ყოფილა, რადგან მე ანდრეი შევჩენკო უნდა შემეცვალა, ჩემგანაც იგივე სასწაულებს ელოდნენ.''

მიუხედავად იმისა, რომ დემეტრაძემ უკრაინული გუნდის რიგებში ჩემპიონთა ლიგაზეც გაიტანა გოლები, მან მოლოდინი ბოლომდე ვერ გაამართლა, რადგან ''მილანში'' გადაბარგებული ანდრეი შევჩენკოს სრულფასოვანი შემცვლელი არ აღმოჩნდა. ლობანოვსკის გუნდში გატარებული პერიოდიდან ქართველი ფორვარდის ყველაზე დასანანი მომენტი ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' თამაშს უკავშირდება, როცა ''ოლდ ტრაფორდზე'' ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა, მაგრამ იყო კარგი დღეებიც, იმდენად კარგი დღეები, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ოტმარ ჰიტცფელდის ''ბაიერნი'' ქართველების გოლებით დამარცხდა.

''კიევის ''დინამოში'' გადასვლას არ ვნანობ, იქ შესანიშნავი პერიოდი გავატარე. განსაკუთრებით მახსენდება მიუნხენის ''ბაიერნთან'' შეხვედრა, როცა გოლები მე და ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, კახა კალაძემ გავიტანეთ. კარიერაში ბევრი ულამაზესი გოლი გავიტანე, მაგრამ ასეთი არასდროს. საოცარი გოლი იყო.''

გიორგი დემეტრაძემ კიევის ''დინამოში'' მხოლოდ 1 წელი გაატარა. 2000 წელს უკრაინულმა გუნდმა ქართველი ფორვარდი ''ალანიადან'' 3 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ გადაიბირა. 2001 წლის იანვარში ესპანურმა ''სოსიედადმა'' ქართველის სანაცვლოდ უკრაინის ჩემპიონს 5 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზა, აღნიშნულ თანხაზე მხარეები შეთანხმდნენ და დემეტრაძემ კარიერა ესპანეთში გააგრძელა.

გიორგი დემეტრაძემ ჩემპიონთა ლიგაზე კიევის ''დინამოს'' მაისურით 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა (დუბლი ''ანდერლეხტთან'' და 1 გოლი მიუნხენის ''ბაიერნთან'').

გიორგი დემეტრაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი გაიხსენა.

''ჩემი ბევრი ნათესავი თბილისში იყო, უმძიმესი წუთები გავიარეთ, ბომბები მათ სახლებთან ფექთდებოდა. ახლობლებს მუდმივად ვურეკავდი, მადლობა ღმერთს, ყველაფერი წარსულში დარჩა. ჩემთვის ძვირფასი ადამიანებიდან არავინ დაშავებულა. ომის შემდეგ გავიაზრე, რომ ფული ცხოვრებაში მთავარი არაა.

იმ პერიოდში წინადადებები მქონდა რუსეთიდან და ჩინეთიდან. ჩინეთი შორს იყო და იქ წასვლა არ მინდოდა. რუსულ კლუბებზე უარი ჩემს სამშობლოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ვთქვი. რაც რუსებმა ჩემს სამშობლოში გააკეთეს, ვერანაირ კრიტიკას უძლებდა.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები