Aa
Aa

საშინაო კედლების უპირატესობის ალტერნატივა - ფავორიტები ცვლილებებს ითხოვენ

ESPN-ის ინფორმაციით, NBA-ის რამდენიმე გუნდი, რომლებიც ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად მოიაზრებიან, ეძებენ ალტერნატივას, თუ როგორ ჩაანაცვლონ საშინაო კედლების უპირატესობა.

როგორც მოგეხსენებათ, მატჩები ორლანდოში, თანაც გულშემატკივრების გარეშე გაიმართება. გამომდინარე აქედან, მნიშვნელობა არ ექნება მასპინძლის სტატუსით ვინ იასპარეზებს, თუმცა განიხილება სხვადასხვა ვარიანტი, რომელთა წყალობითაც უკეთესი განთესვის მქონე გუნდები გარკვეულ უპირატესობას მიიღებენ.

ESPN-ის მიხედვით, საბოლოო დეტალები ჯერ არ გარკვეულა, თუმცა საუბარი რამდენიმე ცვლილებაზე მიდის.

1 - უკეთესი განთესვის მქონე გუნდი მეორე, მესამე და მეოთხე მეოთხედს დაიწყებს. სადავო გდებას ცვლილებები არ შეეხება.

2 - უკეთესი განთესვის მქონე გუნდი შეარჩევს კალათბურთელს, რომელიც თამაშს 6-ის ნაცვლად, 7 პერსონალური ჯარიმის მიღების შემდეგ დატოვებს.

3 - უკეთესი განთესვის მქონე გუნდის თავკაცი ერთით მეტი ჩელენჯით ისარგებლებს.

4 - უკეთესი განთესვის გუნდს შანსი ექნება თავისი პარკეტი ორლანდოში გადაიტანოს, რათა საშინაო ატმოსფერო შექმნას.

5 - უკეთესი განთესვის მქონე გუნდი ორლანდოში ჩასვლის შემდეგ, აირჩევს რომელ სასტუმროში დაბინავდეს.

ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა და რამდენიმე ცვლილება ძალიან არარეალური ჩანს, თუმცა ESPN არაფერს გამორიცხავს და იუწყება, რომ NBA საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები