MD: დემბელე იუვენტუსს უახლოვდება
Aa
Aa

MD: დემბელე იუვენტუსს უახლოვდება

ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ უსმან დემბელე „იუვენტუსს“ უფრო მეტად მიუახლოვდა.

„ბარსა“ ფრანგი შემტევის გაყიდვის წინააღმდეგი აღარ არის და ცდილობს, ის სარფიანად გაასხვისოს.

კოვიდ-19-ის შედეგად არსებული რეალობიდან გამომდინარე ფეხბურთელების გაცვლა რეალური გახდა და უახლოეს მომავალში კლუბები რამდენიმე ხმაურიან ბარტერსაც შემოგვთავაზებენ.

ამ მხრივ ყველაზე მეტად „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ აქტიურობენ, რომლებიც ერთმანეთში რამდენიმე ფეხბურთელის გაცვლას გეგმავენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მალე გავიგებთ, შედგება თუ არა შეთანხმება.

დემბელეს შემთხვევაში კლუბები არენდის ვარიანტსაც განიხილავენ. „ბარსა“ ხვდება, რომ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რაც დიდი შანსია მან „კამპ ნოუზე“ ვეღარ მიიღოს. კლუბს სატრანსფერო მიმართულებით სხვა გეგმები აქვს.

სამაგიეროდ, დემბელეს შანსს მისცემს „იუვენტუსი“. მაურისიო სარი ხუან კუადრადოსა და ფედერიკო ბერნარდესკის თავის სამომავლო გეგმებში ვეღარ ხედავს. „ბებერი ქალბატონი“ არც დუგლას კოშტას გაყიდვას გამორიცხავს.

ტურინელთა სპორტულ დირექტორს ფაბიო პარატიჩის დემბელეს აგენტთან მუსა სისოკოსთან კარგი ურთიერთობა აქვს, რაც მოლაპარაკებებს უფრო მარტივს ხდის.

სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად 1 ივლისს იხსნება. ჯერჯერობით უცნობია რამე ცვლილებას შეიტანს, თუ არა უეფა მასში, რადგან ჩემპიონატები ივნისში განახლდება (ბუნდესლიგა უკვე მიმდინარეობს), ისინი ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა აგვისტოში დასრულდება. ახალი სეზონის დაწყება კი 15 სექტემბრისთვის იგეგმება.

ამ მომენტისთვის ტრანსფერების მხრივ რამდენიმე კითხვა არსებობს, რომლებსაც პასუხი ამ თვეშივე უნდა გაეცეს. 17 ივნისს უეფა კონფერენციას მართავს, სადაც 2019-2020 წლების სეზონის დასრულების ყველაზე დეტალი უნდა დაზუსტდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები