Aa
Aa

აბდულ-ჯაბარი: „აფრო-ამერიკელები წლებია ცეცხლმოკიდებულ შენობებში ცხოვრობენ"

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდამ, კარიმ აბდულ-ჯაბარმა აშშ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. აბდულ-ჯაბარმა ჯორდანის მსგავსად ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და რასიზმის პრობლემაზე ისაუბრა.

„დიახ, ვიღაცები ხშირად პროტესტს გასამართლებელ მიზეზად იყენებენ და სარგებლის მიღებას ცდილობენ. ზუსტად ისე, როგორც გულშემატკივრები თავიანთი ქალაქის გუნდის ჩემპიონობის აღნიშვნის დროს მანქანებს წვავენ და მაღაზიების შუშებს ამტვრევენ. ნამდვილად არ მინდა გაძარცვული მაღაზიები და ცეცხლმოკიდებული შენობები ვიხილო, მაგრამ აფრო-ამერიკელები წლებია ცეცხლმოკიდებულ შენობებში ცხოვრობენ და კვამლი ახრჩობთ. ცეცხლი კი, მათ ნელ-ნელა უფრო და უფრო უახლოვდება.

ამერიკაში რასიზმი ჰაერში არსებულ მტვერს ჰგავს. ის თითქოს უხილავია, მაშინაც კი, როცა მისით იხრჩობი, მაგრამ მზის სინათლის შემოშვების შემდეგ, ყველაფერი ნათელი ხდება და ხედავ, რომ რასიმზი ყველგანაა“.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აშშ-ში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელთა გამოც, 25 დიდ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ფლოიდის საქმეზე დაკავებულია ყოფილი პოლიციელი, რომელსაც ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებით მოსპობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები