ანანიძე და კვერკველია ''იდუმალ აგენტს'' ''როტორში'' მიჰყავს?
Aa
Aa

ანანიძე და კვერკველია ''იდუმალ აგენტს'' ''როტორში'' მიჰყავს?

რუსული მედიის ცნობით სოლომონ კვერკველია და ჯანო ანანიძე შესაძლოა ''როტორის'' ფეხბურთელები გახდნენ. ეს გუნდი რუსეთის პრემიერ ლიგაში აღზევდა და შემდეგ სეზონს ელიტარულ ჩემპიონატში გაატარებს, თუმცა ძნელი წარმოსადგენია ''როტორმა'' კვერკველიას საინტერესო წინადადებით მიმართოს, რადგან მოსკოვურ კლუბში ქართველი მცველის წლიური ხელფასი 1,8 მილიონ ევროს შეადგენს. 

რუსული მედიის ცნობით მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის ''ლოკომოტივიდან'' წასვლის შემდეგ კვერკველია იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებიც გუნდს დაემშვიდობებიან.

რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, მისი ''როტორში'' გადასვლის შანსი გაცილებით დიდია. გასულ ზამთარში ჯანოს ფინანსური შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, მოსკოვის ''სპარტაკში'' მისი წლიური ხელფასი 2 მილიონი ევრო იყო, თუმცა რუსეთი დატოვა და გაცილებით დაბალ ხელფასზე ''ანორთოსისში'' თამაშს დათანხმდა. ასე რომ შესაძლოა ანანიძე ''როტორში'' თამაშს დათანხმდეს და ამ შემთხვევაში ფინანსური ფაქტორი პრობლემას არ ქმნის.

''როტორში'' საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექს-ფორვარდი ბექა მიქელთაძე ასპარეზობს, რომელმაც ''ანორთოსისსა'' და ყაზანის ''რუბინში'' თავი ვერ გამოიჩინა და გასულ ზამთარში რანგით მეორე ლიგის ''როტორში'' გადავიდა. მიქელთაძის გარდა ''როტორში'' ნიკა ყიფიანი გადაბარგდა, მათ ტრანსფერებზე კი მამუკა ჯუღელი მუშაობდა. თითქმის ყველა ქართველის რუსულ კლუბში ტრანსფერი ჯუღელის სახელთანაა დაკავშირებული. ასე იყო მათ შემთხვევაშიც.

2017 წელს კვერკველია ჯუღელის დახმარებით მოსკოვის ''ლოკომოტივში'' მოხვდა, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა, თუმცა 28 წლის ფეხბურთელის ''როტორში'' გადასვლა ძნელი წარმოსადგენია და ცხადია ფინანსური თუ სპორტული კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ფეხბურთელისთვის, რომელიც 2018 წელს ''ლესტერში'' გადასვლასთან ახლოს იყო, პრემიერ ლიგაში ახლადაზღევებულ გუნდში გადასვლა სასურველი ვარიანტი არ უნდა იყოს.

მამუკა ჯუღელი არაერთი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში მონაწილეობდა. გასულ წელს რუსულ მედიაში ჯუღელის ინტერვიუ გამოქვეყნდა და მას სტატიის ავტორი  რუსულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალებით მოცულ ფიგურად მოიხსენიებდა. ამჯერად, შესაძლოა საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელი ''როტორში'' გადაიყვანოს, თუმცა შესანიშნავი იქნება თუ ამას ვერ მოახერხებს და მოთამაშეები კარიერას ევროპაში გააგრძელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები