ტონგა, ოლ ბლექსი და რაგბის სიყვარული - World rugby-ის სტატია გორგოძეზე
Aa
Aa

ტონგა, ოლ ბლექსი და რაგბის სიყვარული - World rugby-ის სტატია გორგოძეზე

მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა საიტმა „ბორჯღალოსნების“ ლეგენდას, მამუკა გორგოძეს სტატია მიუძღვნა.

***

მამუკა გორგოძე მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რათა თავისი საოცარი კარიერის მოედანზე დასრულების კიდევ ერთი შანსი მიიღოს.

გორგოძეს, რომელმაც ბუცები ლურსმანზე მეორედ ჩამოკიდა, საქართველოს ნაკრების თხოვნა უპასუხოდ არ დაუტოვებია, ტრავმირებული მორაგბეები ჩაანაცვლა და იაპონიაში გამართულ მსოფლიო თასზე მონაწილეობა მიიღო. 

ქართველ უკანახაზელს 16-წლიანი სანაკრებო კარიერა ჰქონდა, „ბორჯღალოსნების" მაისურით 75 შეხვედრა ჩაატარა და 4 მსოფლიო თასზე მოასწრო თამაში. საკლუბო დონეს რაც შეეხება, „ტულონში“ მას ზღაპრული გამომშვიდობება ჯერ ტრავმის, ხოლო შემდეგ, Covid-19-ის გამო არ ჰქონია.

„რა თქმა უნდა, ამის გამო დამწუხრებული ვარ. ეს არაა ის დასასრული, რომელიც მინდოდა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. კარიერის განმავლობაში ბევრი სითბო და აპლოდისმენტები მივიღე და სითბოსა და სიყვარულს ახლაც ვგრძნობ“.

გორგოძეს გრძელი კარიერიდან საუკეთესო მომენტის ამორჩევა ადვილი ნამდვილად არაა, მაგრამ მორაგბისთვის, ვისი მეტსახელიც „გორგოძილა“ გახლავთ, არის ერთი მატჩი, რომელიც მისთვის სამუდამოდ განსაკუთრებული იქნება. საუბარი 2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და ტონგას შორის გამართულ შეხვედრას ეხება, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ 17-10 მოიგეს.

იმ დღეს, გლოუჩესტერში, გორგოძე დაცვაში გაუვალი კედელივით იყო, რომელსაც ტონგელთა შემტევები ვერაფერს უხერხებდნენ. ამასთან ერთად, მან ლელო დადო მატჩში, რომელშიც გამარჯვება ქართველმა მორაგბეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნებმა“ რეიტინგში მათზე მაღლა მდგომი გუნდი დაამარცხეს.

„მართალია, საქართველოს ნაკრებს წინა მსოფლიო თასებზეც ჰქონდა გამარჯვებები მოპოვებული, მაგრამ მსოფლიო თასზე ისეთი ძლიერი მეტოქე, როგორიც ტონგა იყო, არასდროს დაგვიმარცხებია.

გუნდური მოთამაშე ვარ და არა ინდივიდუალისტი, ამიტომ საუკეთესო ემოციები სწორედ ტონგასთან შეხვედრას უკავშირდება, რადგან იმ დღეს ჩვენმა გუნდმა უდიდეს წარმატებას მიაღწია.

მხოლოდ ჩვენ გვჯეროდა, რომ ტონგას დამარცხება შეგვეძლო და ამის წყალობით გავიმარჯვეთ“.

„კინგსჰოლმის“ სტადიონზე განცდილი სიხარული მასთან სამუდამოდ დარჩება. ზუსტად ისე, როგორც იმავე ტურნირზე „ოლ ბლექსის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების შემდეგ მიღებული ემოციები.

„ცნობილ მილენიუმ სტედიუმზე ოლ ბლექსს დავუპირისპირდით და 30 ქულით დავმარცხდით. იმ შეხვედრაში მონაწილეობას მსოფლიო დონის ბევრი მორაგბე იღებდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მე დამასახელეს, რაც უდიდესი პატივია“.

„მონპელიეს“ ყოფილი მორაგბე რაგბიში გატარებულ პერიოდს პოზიტიურად უყურებს.

„ყველაფერმა რაც რაგბის ეხება, დამღლელმა ვარჯიშებმაც კი, უდიდესი სიამოვნება სიამოვნება მომანიჭა... ადრენალინის მოზღვავება და წნეხი, რომელსაც მატჩების დაწყებამდე გრძნობ. მოედანზე გატარებული თითოეული წამი და რა თქმა უნდა, შეგრძნება, რომელიც მოგებული მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ გეუფლება... ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო“.

გორგოძე კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ელოდება და შემდეგ საქართველოში დაბრუნებას აპირებს. იგი „ბორჯღალოსანთა“ ახალგაზრდა თაობის მისაბაძი მაგალითია, თუმცა თავად აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრების სხვა მოთამაშეებისგან არაფრით გამოირჩევა.

„სამშობლოსთვის ყველამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს. რეალურად მაქსიმუმზე მეტიც უნდა გავაკეთოთ. ნებისმიერ მორაგბეს, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, ალბათ იგივე დამოკიდებულება აქვს. ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ამ ასპექტში ვიღაცაზე მაღლა ვარ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები