სამი ქართული ლელო ერთ მატჩში - ორიაკს ბორჯღალოსნებმა მოაგებინეს
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ქართველი მორაგბეები შარშანდელ სეზონშიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ და წლევანდელი სეზონიც შედეგიანად დაიწყეს. PRO D2-ის მეორე ტურში ოთხი ქართული ლელო ვიხილეთ და აქედან სამი „ორიაკის“ მორაგბეებმა დადეს, რომელმაც საკუთარ სტადიონზე „დაქსი“ დიდი ანგარიშით, 65:35 დაამარცხა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ორიაკელებმა დაქსელებს 30-ქულიანი სხვაობით მოუგეს და სტუმართა ჩათვლის მოედანი 9-ჯერ აიღეს. ცხრიდან სამ შემთხვევაში ლელო ქართველმა მორაგბეებმა დადეს და თავი ჯერ ლუკა ნიორაძემ, ხოლო შემდეგ ირაკლი მჭედლიძემ და თედო აბჟანდაძემ გამოიჩინეს. ამ სამი ქართველი ლეგიონერიდან, რომელთაც ლელო დადეს, ძირითადში ასპარეზობა მხოლოდ აბჟანდაძემ დაიწყო, ნიორაძე და მჭედლიძე კი ცვლილებაზე შევიდნენ. თედოს მსგავსად, „ორიაკის“ სასტარტოში იყო ლაშა ტაბიძე, ხოლო ალექსანდრე ბურდული და გიორგი ქართველიშვილი შეცვლაზე ჩაერთნენ მატჩში.
ცნობისათვის, გასულ სეზონში ირაკლი მჭედლიძემ 25 მატჩში თავი 3 ლელოთი გამოიჩინა, ლუკა ნიორაძის ანგარიშზე 21 შეხვედრაში 4-ჯერ აღებული მეტოქის ჩათვლის მოედანი იყო, ხოლო თედო აბჟანდაძემ 21 თამაშში აქტივში 1 ლელო და 26 ზუსტად შესრულებული საჯარიმო ჩაიწერა.