''ტაბიძემ დიდი პროგრესი აჩვენა და სტერეოტიპი დაამსხვრია'' - უფას მწვრთნელი ქართველს აქებს
Aa
Aa

''ტაბიძემ დიდი პროგრესი აჩვენა და სტერეოტიპი დაამსხვრია'' - უფას მწვრთნელი ქართველს აქებს

რუსული ''უფას'' მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა მისი გუნდის ქართველი მცველის, ჯიმი ტაბიძის პროგრესზე ისაუბრა. ვადიმ ევსეევი წარსულში ცნობილი რუსი ფეხბურთელია, 2000-06 წლებში მოსკოვის ''ლოკომოტივში'' მალხაზ ასათიანთან და მიხეილ აშვეთიასთან ერთად თამაშობდა.

44 წლის ევსეევმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელის პროფესია შეისწავლა. ის წვრთნიდა პერმის ''ამკარს,'' გასულ წელს კი ''უფა'' ჩაიბარა.

''მწვრთნელი სიამოვნებას იღებს არამარტო გამარჯვებებით, არამედ სავარჯიშო პროცესით. როცა ფეხბურთელები შენს დავალებებზე სწორად რეაგირებენ და საუკეთესო თვისებების დახვეწაზე მუშაობენ. მოთამაშეთა განვითარების პროცესი მწვრთნელისთვისაც სასიამოვნოა. ჩვენი კლუბი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების აღზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

ვგულისხმობ იმ ფეხბურთელებს, რომელთა პროგრესი ძალიან შესამჩნევია. ვგულისხმობ როგორც საფეხბურთო უნარების დახვეწას, ასევე მათ ტაქტიკურ ცოდნას, თამაშის გაგებას, მათ რეაგირებას ჩემს მოთხოვნებასა და ამოცანებზე.

ასეთია ჯიმი ტაბიძე, რომელიც თავდაპირველად შეცდომებს უშვებდა, რასაც შეგვიძლია უიღბლობაც დავარქვათ. იყო შემთხვევები, როცა ბურთი მას ხვდებოდა და რიკოშეტით ჩვენს კარში გოლი გადიოდა. ეს ძალიან საწყენია, თუმცა შემდგომში მისმა თამაშმა, მისმა მოქმედებებმა სოლიდურობა შეიძინა. ტაბიძე სტაბილური გახდა, მან უიღბლო მოთამაშის სტერეოტიპი დაამსხვია.''

ჯიმი ტაბიძე სამშობლოში იმყოფებოდა და ახლახანს ავტომობილით რუსეთში გაემგზავრა. ვადიმ ევსეების გუნდი სეზონის განახლებისთვის ემზადება. სავარაუდოდ, რუსეთის პრემიერ ლიგა 21 ივნისს განახლდება.

''უფაში'' გადასვლამდე ჯიმი ტაბიძე ბელგიურ ''გენტსა'' და რუსულ ''ურალში'' ასპარეზობდა. 2017 წლის ზაფხულიდან ტაბიძე ''უფას'' ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეადო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები