ისევ მოდრიჩის კლასის ხარჯზე - ხორვატია პლეი ოფშია და მეტოქეს ელოდება
ფილადელფიაში გამართულ L ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრას როგორც ხორვატები, ასევე განელები ნახევრად მშვიდად შეხვდნენ, რადგან როგორც მინიმუმ საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოხვედრა პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდათ, ამ მატჩში გამარჯვებული კი მეორე ადგილზე გავიდოდა.
მეორე ადგილი ვახსენეთ, მაგრამ 31-ე წუთზე პეტარ სუჩიჩის გოლით დაწინაურებული ხორვატია ლაივ-ცხრილში პირველ ადგილზეც იყო, რადგან პარალელურად მიმდინარე თამაშში ინგლისელები პანამელებს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ამარცხებდნენ. მეორე ნახევარში განის ნაკრებმა ტემპს მოუმატა და ამან შედეგიც გამოიღო - დერიკ ლუკასენმა ერნესტ ნუამას პასით გაათანაბრა. მიუხედავად ამისა, ხორვატებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს და ისევ და ისევ კაპიტნის და ლეგენდის, ლუკა მოდრიჩის ძალისხმევით მოიგეს. 40 წლის ნახევარმცველმა კუთხურიდან ბურთი პირდაპირ თავზე დაასვა ნიკოლა ვლაშიჩს, რომელმაც გამარჯვების ბურთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა.
ცნობისათვის, 3 ტურში დაგროვებული 6 ქულით ხორვატიამ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და 1/16-ფინალში კოლუმბიას, ან პორტუგალიას შეხვდება. 4-ქულიანი განის ნაკრები კი, 99-პროცენტიანი ალბათობით ერთ-ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი იქნება და მისი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.