Aa
Aa

"ახალ თაობაში ბარტი, გაუფი და ანდრეესკუ მომწონს" - საბატინიმ თავისი ფავორიტები დაასახელა

ლეგენდარული გაბრიელა საბატინი ქალთა ჩოგბურთში ახალი თაობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ბევრი ახალი მოთამაშეა, რომლებიც ყურადღებას იმსახურებენ, არგენტინელმა მათ შორის საკუთარი ფავორიტებიც გამოარჩია.

„თანამედროვე ჩოგბურთის ყურებით ნამდვილად სიამოვნებას ვიღებ. ძალიან ბევრი ახალი მოთამაშეა და, ვფიქრობ, ეს კარგია, რადგან მაყურებელს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი აქვს.

ამერიკელებს მშვენიერი ახალი თაობა ჰყავთ, გასული წლის US Open-ს აქტიურად ვადევნებდი თვალს და იქ აღმოვაჩინე არაერთი საინტერესო ჩოგბურთელი, რომელთა შესახებ იქამდე არ ვიცოდი. ძველი თაობის მოთამაშეებს მშვენიერი მემკვიდრეები ჰყავთ და ეს ჩოგბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ახალი თაობის წარმომადგენელთაგან განსაკუთრებით ეშლი ბარტი, კოკო გაუფი და ბიანკა ანდრეესკუ მომწონს. ბარტის ძალიან კარგი სათამაშო სტილი აქვს, გაუფი ასევე ბრწყინვალეა, ტემპერამენტიანი და კარგი მენტალიტეტით, ანდრეესკუ კი კორტზე დიდებული თვისებებით გამოირჩევა“.

საბატინის კარიერის განმავლობაში WTA-ს 27 ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის დიდი სლემის ერთი ტურნირიცაა - 1990 წლის ამერიკის ღია პირველობა. აღსანიშნავია, რომ Us Open-ის იმ გათამაშების 1/4 ფინალში, მომავალმა ჩემპიონმა დაძაბულ ბრძოლაში - 7:6; 6:4 ქართველ ლეილა მესხს მოუგო, ფინალში კი ლეგენდარული შტეფი გრაფი დაამარცხა.

გაბრიელა საბატინი 2006 წლიდან ჩოგბურთის დიდების დარბაზის წევრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები