„ტაისონთან ჩხუბი მსურს
Aa
Aa

„ტაისონთან ჩხუბი მსურს" - ჰოლიფილდი ტრილოგიისთვის მზადაა

ევანდერ ჰოლიფილდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, კრივს დაუბრუნდა, მზადაა მაიკ ტაისონის წინააღმდეგ რინგზე კიდევ ერთხელ გავიდეს. ჰოლიფილდი „რკინის მაიკის“ შესახებ The Sun-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ საქველმოქმეედო მიზნები ამოძრავებს.

„მაიკ ტაისონის წინააღმდეგ ჩხუბი მსურს. რატომაც არა?! ბრძოლისთვის მზად ვარ, მინდა კარგად ვიასპარეზო და ვთვლი, რომ 57 წლის ასაკში მაიკთან გამკლავება შემიძლია, თუმცა მხოლოდ ჩემი სურვილი საკმარისი არაა. აუცილებელია ბრძოლის გამართვა ტაისონსაც უნდოდეს.

ჩვენ გულშემატკივრებს რაღაც განსაკუთრებული უნდა შევთავაზოთ. ეს არ უნდა იყოს მატჩრევანში, რომლის მონაწილეთა მიზანიც მეტოქის ნოკაუტში ჩაგდება იქნება. ეს უნდა იყოს ბრძოლა, რომელიც ხალხს აჩვენებს, რომ მე და ტაისონი ჩვენი ეპოქის საუკეთესო მოკრივეები ვიყავით და კეთილი მიზნებისთვის კიდევ ერთხელ გავერთიანდით.

მაიკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და დარწმუნებული ვარ ჩვენი დაპირისპირება თანამედროვე კრივზე დადებითად იმოქმედებს. კარგი იქნება თუ ბრძოლის გამართვას შევძლებთ. მაიკი საუცხოო ფორმაში იმყოფება, მაგრამ ცუდ ფორმაში არც მე ვარ. თუ ფინანსური მხარე მოგვარდება, რინგზე გასვლა პრობლემა არ იქნება.

ვიცი, რომ მაიკმა რამდენიმე საინტერესო წინადადება მიიღო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი და მისი ბრძოლა ზუსტად ისაა, რისი ნახვაც ქომაგებს ყველაზე მეტად სურთ“.

შეგახსენებთ, რომ ჰოლიფილდს 2011 წლის შემდეგ არ უჩხუბია. ბოლოს იგი დანიელ მოკრივეს, ბრიან ნილსენს დაუპირისპირდა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ევანდერს კარიერაში 57 ბრძოლა აქვს გამართული და სასურველ შედეგს 44-ჯერ მიაღწია, 10-ჯერ კი რინგი დამარცხებულმა დატოვა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები