საამაყო გუნდი - ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში წაგებიდან 9 წელი გავიდა
Aa
Aa

საამაყო გუნდი - ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში წაგებიდან 9 წელი გავიდა

13 მაისი - დღე, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამარჯვებასთან ასოცირდება. მაგრამ ასევე არის მატჩი, რომელიც გულშემატკივარს ყოველთვის სინანულითა და გაბრაზებით გაახსენდება. გაბრაზების მიზეზი კი რუმინელი არბიტრი მარიუს ავრამია.

9 წლის წინ, 2012 წლის 13 მაისს, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, რუმინელმა მსაჯმა მე-16 წუთზე, ყოვლად აბსურდული გადაწყვეტილებით, გუნდის კაპიტანი ნიკა ჭანტურია მოედნიდან გააძევა და საქართველოს ნაკრები ნიდერლანდელ თანატოლებთან ათი კაცის შემადგენლობით დატოვა.

ქართველმა თინეიჯერებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა, სამწუხაროდ, შეხვედრის ბოლოსწინა, 79-ე წუთზე გოლი გაუშვეს. ნიდერლანდელები იორიტ ჰენდრიქსმა დააწინაურა. "ჯვაროსნებმა" შეუძლებელი ვეღარ შეძლეს და დარჩენილ დროში კიდევ ერთი გოლი გაუშვეს.

ჩვენებმა ხსენებულ მატჩში ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ალექსანდრე ადამია, ოთარ კაკაბაძე, ნიკა ჭანტურია (კაპ.), გიგა სამხარაძე, გიორგი აბურჯანია (ჭიაბერ ჭეჭელაშვილი; 71), გიორგი პაპუნაშვილი, ვანო წილოსანი, დავით დარციმელია, ალეკო მზევაშვილი (დავით ჯიქია; 60), გიორგი გაბაძე, გიორგი გოროზია.

შეგახსენებთ, იმ წელს ვასილ მაისურაძეს გუნდმა ელიტ რაუნდში ფურორი მოახდინა და ურთულესი ჯგუფიდან, რომელშიც ინგლისი, ესპანეთი და უკრაინა იყვნენ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

სლოვენიაში გამართულ კონტინეტის პირველობაზე მაისურაძის შეგირდები რთულ ჯგუფში მოხვდნენ (საფრანგეთი, ისლანდია, გერმანია) და საფრანგეთის ნაკრები ჯგუფში ჩატოვეს. მამლების იმ ნაკრებში კლემენ ლენგლე, ენტონი მარსიალი, ერვინ ონგენდა, ტომას ლემარი და სხვები ასპარეზობდნენ.

საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული სწორედ ნიდერლანდების ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში გერმანიას პენალტებით მოუგო. გერმანელთა რიგებში ჯულიან ბრანდტი, ნიკლას ზულე, ლეონ გორეცკა, ტიმო ვერნერი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები თამაშობდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები