Aa
Aa

NBA-ში ოპტიმისტური განწყობაა - კალათბურთელები თანახმა არიან სეზონი გაგრძელდეს

გამთენიისას NBA-ის კომისარ ადამ სილვერსა და გუნდების მფლობელთა საბჭოს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომელზეც არსებულ რეალობაზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ESPN-ის ცნობით, მფლობელები და გუნდების ხელმძღვანელები ლიგის მიერ გაწეული სამუშაოთი კმაყოფილი არიან და სეზონის განახლების პერსპექტივას ოპტიმისტურად უყურებენ.

ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, დისკუსიის მთავარი თემა კალათბურთელთა ჯანმრთელობა და უსაფრთხო გარემოს შექმნა გახლდათ. სილვერმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მოთამაშეებმა და გუნდების ხელმძღვანელებმა გაითავისონ, რომ დაბრუნების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა, სეზონის შეწყვეტას არ განაპირობებს. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა რაოდენობაზეა საუბარი, თუმცა NBA ამ თემაზე აქტიურად მუშაობს და პასუხი უახლოეს პერიოდში ექნება.

ESPN-ის მიხედვით, ვიდეოკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დარჩენილი შეხვედრების ერთ ან ორ ლოკაციაზე გამართვა განიხილება, თუმცა ფორმატის შეცვლა არ იგეგმება. სილვერმა გუნდების მფლობელებს შეატყობინა, რომ NBA მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას გააგრძელებს, რათა პარკეტზე დასაბრუნებლად საუკეთესო გზა შეირჩეს.

Yahoo Sports-ის ინფორმაციით კი, კალათბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, კრის პოლმა ვიდეოკონფერენცია მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა ლებრონმა, დურანტმა, კავაიმ, კარიმ, უესტბრუკმა, ლილარდმა, ანტეტოკოუნმპომ და ენტონი დევისმა მიიღეს. ისინი თანახმა არიან სეზონი განახლდეს, ოღონდ ეს უსაფრთხო გარემოში უნდა მოხდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები