რონალდუმ და მესიმ თანაგუნდელებისგან შემდგარი TOP 11 დაასახელეს
Aa
Aa

რონალდუმ და მესიმ თანაგუნდელებისგან შემდგარი TOP 11 დაასახელეს

კორონავირუსმა სხვა ბევრ რამესთან ერთად ფეხბურთიც წაგვართვა. პანდემიის დროს ქომაგები ძველი მატჩების ყურებითა და საინტერესო ისტორიების კითხვით იკლავენ „წყურვილს“. გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Mirror-მა გამოაქვეყნა კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის თანაგუნდელთა ტოპ 11.

რონალდუმ და მესიმ თავიანთი თანაგუნდელებისგან გუნდი შეადგინეს, რაც რა თქმა უნდა ქომაგთათვის საინტერესოა.

ვისთან ერთადაც მათ კლუბში დღემდე უთამაშიათ - ვინ დარჩა გუნდს მიღმა და ვინები მოხვდნენ სიაში -დავიწყოთ რონალდუთი:

კრიშტიანუმ თავის გუნდში მეკარედ იკერ კასილასი დაასახელა, რომელთან ერთადაც 228 მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგაც მოიგო.

რონალდუმ მარჯვენა მცველად სერხიო რამოსი დააყენა. მათ ერთად 339 მატჩი ჩაატარეს და ყველაფრის მოგება შეძლეს, რისი მოგებაც შეიძლებოდა, თან რამდენიმეჯერ.

დაცვის ცენტრში პეპესა და რიო ფერდინანდის დუეტს ვხედავთ. რონალდუმ პეპეს მხარდამხარ 321 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო რიოსთან ერთად 221.

მარცხენა მცველის პოზიციაზე ალბათ არავის უკვირს, რომ მარსელოს ვხედავთ. ბრაზილიელი კრიშტიანუს ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია და მისი ხილვა „იუვენტუსშიც“ სურს, თუმცა ტრანსფერი არ გამოდის.

ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე რონალდუმ ისკო გაამწესა, რომლისთვისაც ეს პოზიცია შესაფერისი არ არის, თუმცა ესპანელს ზიდანიც ბევრ პოზიციაზე იყენებდა.

კრიშტიანუმ აქცენტი 4-4-2 სქემაზე შეაჩერა და მარცხენა ფლანგზე რაიან გიგზი დააყენა.

ნახევარდაცვის ცენტრში ლუკა მოდრიჩი და ჩაბი ალონსო იმყოფებიან, ხოლო თავდასხმის ხაზში რონალდუს 2 საუკეთესო პარტნიორი უეინ რუნი და კარიმ ბენზემა შეარჩია.

მსგავსი გუნდი მესიმაც შეადგინა. რონალდუსგან განსხვავებით, არგენტინელმა მთელი კარიერა მხოლოდ „ბარსელონას“ მიუძღვნა და ბუნებრივია გუნდში ყველა მოთამაშე ამ კლუბიდან არის. ლეომ 4-3-3 სქემა ამჯობინა.

მესიმ კარში ვალდესი დააყენა, რომელთან ერთადაც 3-ჩეჯ ჩემპიონთა ლიგა და 6-ჯერ ლა ლიგა მოიგო.

მესის დაცვის ცენტრს მასკერანო-პიკეს დუეტი ამაგრებს. აქ ცოტა გასაკვირია პუიოლის არყოფნა, თუმცა მესიმ ამ დუეტთან ერთად უფრო მეტი ითამაშა.

დაცვის ფლანგებზე არანაირი მოულოდნელობა არ არის - დანი ალვეში და ხორდი ალბა.

ნახევარდაცვა ალბათ ყველაზე მარტივად პროგნოზირებადი იყო - ბუსკეცი, ჩავი და ინიესტა.

შეტევაში მესიმ ფლანგებზე პედრო როდრიგესი და ნეიმარი დააყენა, ხოლო ცენტრფორვარდად მისი საუკეთესო მეგობარი ლუის სუარესი.

ბევრი ალბათ რონალდინიოს, ან ეტოოს გამოჩენასაც ელოდა, თუმცა ესაა ლეო მესის არჩევანი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები