პიცი, მაკარიძე, ტაარაბტი: ქართველი მეკარის აღიარება პორტუგალიაში
Aa
Aa

პიცი, მაკარიძე, ტაარაბტი: ქართველი მეკარის აღიარება პორტუგალიაში

GoalPoint-ის ვერსიით 2019-20 წლების სეზონის პორტუგალიის ჩემპიონატის 24 ტურის სიმბოლურ გუნდში ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე მოხვდა. 30 წლის მეკარემ ''ბენფიკას,'' ''პორტუსა'' და ''სპორტინგის'' მეკარეებს აჯობა.

''სეტუბალის'' ქართველმა კარის დარაჯმა 24 ტურიდან მხოლოდ 1 მატჩი გამოტოვა მაღალი ტემპერატურის გამო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მას 11 მატჩში გოლი არ გაუშვია.

მაკარიძესთან ერთად სიმბოლურ გუნდში რამდენიმე ცნობილი სახე მოხვდა. მაგალითად, ლისაბონის ''სპორტინგის'' არგენტინელი შემტევი ლუსიანო ვიეტო, ''ბენფიკას'' მაროკოელი შემტევი ადელ ტაარაბტი და პორტუგალიის ეროვნული გუნდის ფეხბურთელი პიცი.

სიმბოლურ გუნდში ''პორტუსა'' და ''ბენფიკას'' 4-4 ფეხბურთელი მოხვდა. ასევე, თერთმეტეულში ''სპორტინგისა'' და ''ბრაგას'' თითო-თითო მოთამაშე ვიხილეთ. პორტუგალიის ჩემპიონატის პირველი ოთხეულის გუნდების გარდა ''სეტუბალი'' ერთადერთი გუნდია, რომლის ფეხბურთელი სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

24 ტურის შემდეგ გიორგი მაკარიძის გუნდი ''სეტუბალი'' 28 ქულით მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 12 ქულით უსწრებს.

მაკარიძისთვის ''სეტუბალი'' მეოთხე პორტუგალიური კლუბია. მას ასევე უთამაშია ''ფეირენსესა''  და ''მორეირენსეში,'' ხოლო ''რიუ ავე'' ოფიციალური მატჩის ჩატარების გარეშე დატოვა. 2019 წლის ზამთრიდან მაკარიძე ''სეტუბალის'' ღირსებას იცავს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები