კაკა: „ჩემი კარიერის საუკეთესო და ყველაზე ცუდი მომენტები მილანს უკავშირდება“
Aa
Aa

კაკა: „ჩემი კარიერის საუკეთესო და ყველაზე ცუდი მომენტები მილანს უკავშირდება“

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, კაკამ ფიფას „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა და ფეხბურთში გატარებული წლები გაიხსენა.

ქომაგებმა კაკას კარიერის საუკეთესო მომენტის დასახელება სთხოვეს, რაზეც მან განაცხადა: „ერთი გამორჩეული მომენტი არ მაქვს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტები მილანს უკავშირდება. 2007 წელს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, ოქროს ბურთი და ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. თუმცა მეორე მხრივ კარიერის ყველაზე ცუდი მომენტიც მილანს უკავშირდება - 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი“.

ბრაზილიელმა საუკეთესო ფეხბურთელებიც დაასახელა, რომელთა მხარდამხარაც უთამაშია.

„კარიერის განმავლობაში ბევრი ფენომენალური ფეხბურთელის მხარდამხარ მითამაშია, მაგრამ რონალდო მათ შორის საუკეთესო იყო. მეორე ადგილზე რონალდინიოს ვაყენებ, ვისთან ერთადაც, მილანში ვასპარეზობდი“.

შეგახსენებთ, რომ კაკა „მილანის“ ღირსებას 2003-დან 2009 წლამდე იცავდა. „როსონერის“ შემდეგ, მან „სანტიაგო ბერნაბეუს“ მიაშურა და „რეალის“ რიგებში 4 წლის განმავლობაში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები