''სახლში დარჩენა ომში წასვლის ტოლფასია'' - მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს
Aa
Aa

''სახლში დარჩენა ომში წასვლის ტოლფასია'' - მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს

ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე სპორტულ კარიერას ასრულებს. ''ტულონის'' 35 წლის წევრმა კარიერის დასრულების გარდა კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა. მან საქართველოს მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ქართველმა ლეგიონერმა ''სპორტი იმედზეს'' ეთერში ისაუბრა.

''საფრანგეთში შეგიძლია მაღაზიაში გახვიდე, ძაღლი გაასეირნო ან სახლთან ახლოს ივარჯიშო. თუ ორნი ერთად დარბიხართ, მაშინ დისტანცია უნდა დაიცვათ.

ფრანგები ჰიგიენას კარგად იცავენ, ამ მხრივ გამორჩეულები არიან და ამიტომაცაა რომ საფრანგეთში პანდემია ისე სწრაფად არაა გავრცელებული, როგორც იტალიაში ან ესპანეთში.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პასპორტი მაქვს და საფრანგეთი ჩემი მეორე სამშობლოა, მთელი ყურადღება საქართველოსკენ მაქვს გადართული.

დღეს სახლში დარჩენა, ექიმებისა და მთავრობის ხელშეწყობა ომში წასვლის ტოლფასია.

ყველამ იცის, რომ პოლიტიკური მიზნები არასდროს მამოძრავებდა, ყველა ხედავს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო პანდემიას უკეთ უმკლავდება. დღეს, რასაც ჩვენი მთავრობა და ექიმები აკეთებენ, გმირობის ტოლფასია. დღეს რასაც ჩვენი ხალხი აკეთებს, ეს არაა გმირობის ტოლფასი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათ გავუთანაბრდეთ, დავრჩეთ სახლში და ეს იქნება გმირობის ტოლფასია.

ჩემთვის მთავარია, რომ საქართველო და ჩემი ოჯახი კარგად იყოს. რაგბი და სხვა საკითხები მეორეხარისხოვანი გახდა.

''ტულონთან'' კონტრაქტი ივნისში მეწურება და კარიერასაც დავასრულებ. სპორტში დარჩენას არ ვაპირებ, თუმცა გვერდიდან რაგბის ჯარისკაცად ვრჩები.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები