''მსოფლიო ერთიანია და პანდემიას დავამარცხებთ'' - ცხადაძემ Covid-19-ზე ისაუბრა
Aa
Aa

''მსოფლიო ერთიანია და პანდემიას დავამარცხებთ'' - ცხადაძემ Covid-19-ზე ისაუბრა

''ორდაბასის'' ქართველი მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე პანდემიისგან შექმნილ მძიმე ვითარებაზე ყაზახურ მედიას ესაუბრა. ცხადაძე Kazfootball-თან ინტერვიუში ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედი აქვს, რომ უახლოეს პერიოდში ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

კახა ცხადაძე: ''ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც ვაქცინის შექმნის მოლოდინში ვართ. იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება და ადამიანები ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებიან.

ოჯახისგან შორის ვიმყოფები და მათთან კომუნიკაცია ინტერნეტის საშუალებით მაქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველანი შეშფოთებულნი ვართ. ასეთ ვითარებაში უნდა გვესმოდეს, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯანმრთელობა აუცილებელია, რომ ვიცხოვროთ და კარგად ვიყოთ, შემდეგ მოდის ფეხბურთი და სხვა საკითხები.

ამჟამად საწვრთნელი პროცესი შეჩერებულია, ვიცავთ კანონს და ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, გვჯერა ვითარება შეიცვლება, რადგან პანდემიის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო გაერთიანდა. ჩვენ კორონავირუსს დავამარცხებთ და ყველაფერი განახლდება.

ყაზახეთთან შედარებით საქართველოში უფრო რთული ვითარებაა, რადგან საქართველოს ევროპულ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა აქვს. გარდა ამისა, ბევრი ქართველი ევროპულ ქვეყანაში მუშაობს, განსაკუთრებით იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში. როცა ვითარება გართულდა, ყველა სამშობლოში დაბრუნდა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა არ იცოდა, რომ დაინფიცირებული იყო. ახლა საქართველო დიდი ძალისხმევით ცდილობს ვირუსის გავრცელების შეჩერებას. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ამ სირთულეს თავს გაართმევს.''

ყაზახეთის პრემიერ ლიგა გაურკვეველი დროით შეჩერებულია. 2020 წლის სეზონში ''ორდაბასიმ'' ჩემპიონატის ორ მატჩში 4 ქულა მოაგროვა. ცხადაძის გაწვრთნილმა გუნდმა ყარაგანდის ''შახტიორი'' დაამარცხა და ''ჟეტისუსთან'' ფრედ ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები