იგალო ოლდ ტრაფორდზე რჩება? - მან. იუნაიტედი 15 მილიონს ამზადებს
Aa
Aa

იგალო ოლდ ტრაფორდზე რჩება? - მან. იუნაიტედი 15 მილიონს ამზადებს

''მანჩესტერ იუნაიტედი'' ზაფხულში ოდიონ იგალოსთან კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. Sportsmail-ის ცნობით ''წითელი ეშმაკების'' მმართველები მზად არიან 30 წლის ნიგერიელის სანაცვლოდ ჩინურ '''შანხაი შენხუას“ 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადონ.

ამ ეტაპზე აფრიკელი ინგლისურ კლუბში იჯარის წესით ირიცხება და საიჯარო ხელშეკრულებას ვადა 31 მაისს ეწურება. 

ჩინური კლუბი მზადაა იგალოს დაემშვიდობოს. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებით ''შანხაი შენხუას'' ინგლისური კლუბისგან თანხა არ მიუღია, რადგან მხარეები სხვა საკითხზე შეთანხმდნენ, ფეხბურთელის ხელფასი კვირაში 300 000 ფუნტი სტერლინგია, აღნიშნული თანხიდან 130 000 ფუნტს ''მან. იუნაიტედი'' უხდის, დანარჩენს კი ჩინური კლუბი.

ნიგერიელმა თავდამსხმელმა ''მან. იუნაიტედის'' რიგებში ჩატარებულ 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ფეხბურთელი კლუბს გასულ ზამთარში შეუერთდა, პრემიერ ლიგის ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, თუმცა ევროპა ლიგის გათამაშებაში 2 გოლი გაიტანა. მან ასევე 2 გოლი შეაგდო ინგლისის ასოციაციის თასზე.

ვიდრე კორონავირუსის გამო ევროპული ფეხბურთი გაურკვეველი ვადით პაუზას აიღებდა, იგალო ინგლისური კლუბისთვის სასარგებლო მოთამაშე იყო. აქედან გამომდინარე ინგლისური კლუბის სურვილი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ლოგიკურია.

Telegraph-ის ექსკლუზიური ინფორმაციით პრემიერ ლიგა განიხილავს ახალ ვარიანტს, რომლის მიხედვით ჩემპიონატი პირველ ივნისს განახლდება, ექვს კვირაში დასრულდება და 2020-21 წლების სეზონი რვა აგვისტოს დაიწყება. აღნიშნული წყაროს ცნობით პრემიერ ლიგის მმართველები ასეთ კალენდარში ხედავენ ფინანსური კატასტროფის თავიდან აცილების გზას. Telegraph-ის ექსკლუზიური ინფორმაციის მიხედვით 2019-20 წლების დარჩენილი მატჩები უმაყურებლოდ გაიმართება.

ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით პრემიერ ლიგა მინიმუმ 30 აპრილამდე არ განახლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები