ჰოპი მსოფლიოს Covid-19-ის ვაქცინას ჰპირდება - ტრამპმა მას მილიარდი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო
Aa
Aa

ჰოპი მსოფლიოს Covid-19-ის ვაქცინას ჰპირდება - ტრამპმა მას მილიარდი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო

''ჰოფენჰაიმის'' მფლობელმა, დიტმარ ჰოპმა კორონავირუსთან ბრძოლაში, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი შეასრულოს. ჰოპის საკუთრებაში არსებული კომპანია CureVac-ი Covid-19-ის ვაქცინაზე მუშაობს.

როგორც გერმანული მედია იუწყება, მილიარდერის კომპანიას ვაქცინის შექმნის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. გაზეთ Welt-ის ცნობით, დონალდ ტრამპი მზადაა, დიტმარ ჰოპის კომპანიას 1 მილიარდი დოლარი გადაუხადოს და კომპანიამ ვაქცინა ექსკლუზიურად აშშ-სთვის შექმნას. ჰოპმა ტრამპის წინადადება გერმანულ მედიასთან საუბარში დაადასტურა, ''ჰოფენჰაიმის'' მფლობელის თქმით, ვაქცინის გამოყენება მთელ მსოფლიოში უნდა მოხდეს და არა ერთ კონკრეტულ ქვეყანაში.

ჰოპმა ვაქცინის შექმნის სავარაუდო თარითან დაკავშირებით Sport1.de-სთან ისაუბრა: ''ეს ყველაფერი დამოკიდებულია პაულ ერლიხის მუზეუმის მუშაობაზე, რომელმაც ვაქცინა ცხოველებზე უნდა გამოცადოს, ადამიანები შემდეგ შეძლებენ ვაქცინის გამოყენებას. შესაძლოა, ვაქცინა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მზად იყოს, ვიდრე ინფექციის ახალი ტალღა დაიწყება.''

ჰოპი არ მალავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი მის საკუთრებაში არსებულ კომპანიას დაუკავშირდა, პირადად ჰოპს ტრამპთან კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა კომპანია CureVac-ის წარმომადგენელმა აშშ-ს პრეზიდენტს უარით უპასუხა.

79 წლის დიტმარ ჰოპი ბუნდესლიგის ქომაგთა დიდი ნაწილისთვის რამდენიმე ფაქტორის გამო არასასურველი ფიგურაა. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მის საკუთრებაში ''ჰოფენჰაიმის'' აქციათა დიდი ნაწილია, რაც ბუნდესლიგაში დამკვიდრებულ წესს, ''50+1''-ს უგულებელყოფს.

მიმდინარე სეზონში ''ჰოფენჰაიმისა'' და ''ბაიერნის'' შეხვედრა სწორედ ამ მიზეზით შეჩერდა, როცა ბავარიელთა ქომაგებმა მილიარდერის მისამართით შეურაცხმყოფელი ბანერი გამოფინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები