''2020 წელს ფეხბურთს დაემშვიდობეთ'' - გერმანელი პროფესორის პესიმისტური პროგნოზი
Aa
Aa

''2020 წელს ფეხბურთს დაემშვიდობეთ'' - გერმანელი პროფესორის პესიმისტური პროგნოზი

ჰამბურგის ბერნარდ ნოხთის ინსტიტუტის პროფესორ იონას შმიდტს ფეხბურთის ქომაგებისთვის ძალიან უსიამოვნო პროგნოზი აქვს. ვირუსოლოგის თქმით მიმდინარე წელი კორონავირუსის გამო ფეხბურთისთვის დასრულებულია.

''ვფიქრობ ფეხბურთის უახლოეს პერიოდში ვერ განახლდება, ეს არარეალურია. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ამ ეტაპზე არსებული ვითარება იმედს არ მაძლევს. ეს არ ეხება მხოლოდ საფეხბურთო მატჩებს, ვგულისხმობ ყველა გასართობ ღონისძიებას, სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება.

მიმდინარე წელს საფეხბურთო მატჩების განახლებისა და სეზონის დასრულების რეალური საფუძველი არ ჩანს. გამოსავალი არც მატჩების უმაყურებლოდ ჩატარებაშია, რადგან ამ შემთხვევაში ქომაგები ერთად შეიკრიბებიან და ხალხმრავალ ადგილებში უყურებენ შეხვედრებს.

ფეხბურთს დაემშვიდობეთ, ეს წელი ფეხბურთის ქომაგებისთვის დასრულებულია. დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები გერმანიასა თუ სხვა ევროპულ ქვეყნებში.''

იონას შმიდტი ასევე აღნიშნავს, რომ მძიმე ვითარებაში მყოფ ქვეყნებში საფეხბურთო მატჩების ჩატარება შეუძლებელია. ამ ეტაპზე ევროპაში ყველაზე მძიმე ვითარება იტალიაშია, თუმცა გერმანიაშიც ბევრი ინფიცირებულია.

ამ ეტაპზე გერმანიაში 15 439 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 44 გარდაიცვალა და 115 გამოჯანმრთელდა, 2 ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო ევროპის ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია. გამონაკლისია მხოლოდ ბელარუსის ჩემპიონატი, სადაც პაუზის აღებას არ გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები