Aa
Aa

ჩელსი VS ბაიერნი - მატჩის შემდეგ

ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯზე", „ბაიერნმა“ „ჩელსის“ 3:0 მოუგო და ევროტურნირების ისტორიაში, საკუთარ მოედანზე ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი აგემა.

გერმანელთაგან დუბლი სერჟ გნაბრიმ შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი რობერტ ლევანდოვსკიმ დააფიქსირა. ახალგაზრდა შემტევმა წლევანდელ ტურნირზე გატანილი ექვსივე ბურთი ლონდონში შეაგდო - ჯგუფურ ეტაპზე „ტოტენჰემს“ პოკერი შეუსრულა. ლევანდოვსკის კი უკვე 11 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ჰოლანდს 1 ბურთით გაუსწრო.

ფრენკ ლამპარდი: „აი, ასე თამაშობენ ფეხბურთს, ამ ტურნირის ფლეი-ოფში. „ბაიერნი“ ნამდვილად ძლიერი გუნდია და იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი გავიღეთ, მაინც რთული საღამო გვქონდა. ეს მკაცრი გაკვეთილია. დიდი ხანია ამ დონეზე არ ვყოფილვართ და რეალობა სწორედ ასეთია. ეს ყველაფერი პოზიტიური კუთხით უნდა გამოვიყენოთ. შეიძლება, დღეს ვერ იგრძნეს, მაგრამ ფეხბურთელებს სჭირდებათ ცოდნა იმისა, თუ როგორია, როცა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ასპარეზობ.

დღეს ჩვენ მათი გუნდის სათამაშო ხარისხი ვნახეთ. ეს ყველაფერი დროის ამბავია და „ბაიერნს“ ამისთვის პატივი უნდა ვცეთ. უკან დაბრუნებას აზრი არ აქვს, სჯობს, რეალობას თვალებში ჩავხედოთ. ჩვენ პრემიერ ლიგის ოთხეულში მოსახვედრად ვიბრძვით, რადგან გვინდა, რომ ზაფხულში გუნდის შენება ახალ ეტაპზე გადავიდეს. ჯერჯერობით მხოლოდ ისაა საჭირო, რომ მიუნხენში ჩავიდეთ და თავაწეულებმა ვითამაშოთ.“

ჰანს-დიტერ ფლიკი: „თომას მიულერმა დღეს ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთა, როგორც გვჭირდებოდა. სივრცეს კარგად იყენებდა, მოწინააღმდეგეებს საქმეს ურთულებდა და მცველების ზურგს უკან სწორ პასებს ასრულებდა.

საერთო ჯამში კი მთელმა გუნდმა ძალიან კონცენტრირებულად ითამაშა და ამის გამო ბედნიერები ვართ. ახლა უკვე მეოთხედფინალში გასვლა გვსურს, შემდეგ კი ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ და ვნახოთ, რა მოხდება.“

„ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში დაუმარცხებელ სვლას აგრძელებს და სერია 13 თამაშამდე გაზარდა - 10 მოგება და 3 ფრე. „რეკორდმაისტერმა“ ბოლოს 2017 წლის სექტემბერში, პსჟ-სთან წააგო.

მიუნხენელები „არისტოკრატებს“ 18 მარტს, უკვე საკუთარ არენაზე შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები