ბრწყინვალე ვაჟა! - მარგველაშვილმა რუსიც იპონით დაამარცხა და ფინალშია!
Aa
Aa

ბრწყინვალე ვაჟა! - მარგველაშვილმა რუსიც იპონით დაამარცხა და ფინალშია!

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ძიუდოს გრან სლემი დაიწყო, რომლის პირველ დღეს შესანიშნავად ასპარეზობს ვაჟა მარგველაშვილი. ქართველი ძიუდოისტი 66 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში იჭიდავებს.

ადრეული 3 ეტაპის დაძლევის შემდეგ, ვაჟას 1/4 ფინალში აზერბაიჯანელ ორხან საფაროვთან საკმაოდ რთული ბრძოლა გადახდა. საბოლოოდ, ქართველმა ფალავანმა ბრძოლის დასრულებამდე დაახლოებით 2 წუთით ადრე ულამაზესი გდება შეასრულა და იპონით იმარჯვა.

 

 26 წლის მარგველაშვილი ნახევარფინალში რუს იაკუბ შამილოვს შეერკინა და მასაც არანაირი შანსი არ დაუტოვა. ჩვენმა ფალავანმა შეხვედრა ამ შემთხვევაშიც იპონით დაასრულა!

დღეს ტატამზე ასევე ვიხილეთ ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე და ბაგრატ ნინიაშვილი. 60 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე პაპინაშვილმა ადრეულ ეტაპზე წააგო, ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი აქვს თემურ ნოზაძეს, 66 წონით კატეგორიაში კი ამავე სინჯის მედლისთვის ბაგრატ ნინიაშვილი იბრძოლებს.

მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში, ნოზაძის მეტოქე ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ცხადაია იქნება, ხოლო ნინიაშვილი სწორედ იაკუბ შამილოვს დაუპირისპირდება.

მედლებისთვის ბრძოლა თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება, უშუალოდ მარგველაშვილი კი ოქროსთვის დაახლოებით 21:30 საათიდან იჭიდავებს. მისი მეტოქე ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ჰიფუმი აბე იქნება.

პ.ს. მარგველაშვილმა ფინალური შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ნოზაძემ და ნინიაშვილმა კი, სამწუხაროდ, გათამაშება მედლის გარეშე დაასრულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები