დრამატული მატჩი და გამარჯვება ოვერტაიმში - საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა
Aa
Aa

დრამატული მატჩი და გამარჯვება ოვერტაიმში - საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2021 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი შეხვედრა გამართა და შვეიცარიის ეროვნული გუნდი დრამატულ ბრძოლაში - 96-88 დაამარცხა

მატჩი ქართველთა კარნახით დაიწყო და ზუროსის ბიჭებმა პირველ მეოთხედში 17-8 იმარჯვეს. მეორე ათწუთეულში სხვაობა გაიზარდა და საქართველოს ნაკრები დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა.

შვეიცარიელებმა მეორე ნახევარი უკეთ დაიწყეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს. მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე წამებით ადრე, ქართველები 5 ქულით იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს და საბოლოოდ გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო.

დამატებითი ხუთწუთეულის სტარტზე ინიციატივას შვეიცარიელები ფლობდნენ, მაგრამ ჩვენებმა ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ბურჯანაძისა და ბერიშვილის ტყორცნების წყალობით კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ 96-88 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებს 21 ქულით ბექა ბურჯანაძემ ულიდერა. თად მაკფადენმა 18 ქულა ჩააგდო. შერმადინი 16 ქულითა და 13 მოხსნით გამოირჩა. სანაძემ 14 ქულა გაიფორმა, ხოლო ბერიშვილი 11 ქულას დასჯერდა.

შვეიცარიელთა მხრიდან საუკეთესო ჯონათან კაზადი იყო, რომელმაც 22 ქულა მიითვალა. ბალდასერმა მატჩი 18 ქულით დაასრულა, ხოლო კოტურემ 12 ქულა ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები