Aa
Aa

სპორტის მინისტრის მოადგილე ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე ვარჯიშზე ესტუმრა. მინისტრის მოადგილე თბილისის სპორტის სასახლეში, 18 თებერვლის საღამოს ვარჯიშზე მივიდა და კალათბურთელებს წარმატება უსურვა. 

ვარჯიშის დაწყებამდე შალვა გოგოლაძე სპორტის სასახლეში შეხვდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს და მათთან ნაკრებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილე ჩვენს კალათბურთელებს ვარჯიშის დაწყებამდე გაესაუბრა და მიულოცა ის მონაპოვარი, რაც მათი ბოლოდროინდელი წარმატებების გათვალისწინებით აქვს ჩვენს ქვეყანას კალათბურთში და ზოგადად სპორტში.

შალვა გოგოლაძემ ისაუბრა ახალ ევროსტანდარტულ დარბაზზე, რომელიც სპორტის სხვა სათამაშო სახეობებზეც იქნება გათვლილი, მაგრამ მისი მთავარი პროფილი კალათბურთია, რაკი სწორედ კალათბურთელების და ფედერაციის დამსახურებაა, ახალი არენის აგება რომ გადაწყდა და ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურების აქტიური დახმარებით მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილემ წარმატებები უსურვა კალათბურთელთა ნაკრებს შვეიცარიასთან მატჩში და რა თქმა უნდა, მთლიანად საკვალიფიკაციო ტურნირსა და მომავალ ევრობასკეტზე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩს 20 თებერვალს, თბილისში, შვეიცარიასთან გამართავს. როგორც მასპინძელს, საქართველოს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოპოვებული აქვს, თუმცა საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები უაღრესად მნიშვნელოვანია ნაკრების ფორმირებასა და ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად. შვეიცარიასთან შეხვედრა 20 თებერვალს, სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე დაიწყება.

შალვა გოგოლაძე - სპორტის მინისტრის მოადგილე

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები