''ტოტენჰემის'' დიდი დანაკლისი: სონს ოპერაცია ჩაუტარდება
Aa
Aa

''ტოტენჰემის'' დიდი დანაკლისი: სონს ოპერაცია ჩაუტარდება

ბრიტანული მედიის ცნობით ლონდონის ''ტოტენჰემის'' სამხრეთკორეელი შემტევი ჰეუნ მინ სონი ''დეზებს'' რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება. როგორც Sky Sports-ი იუწყება, აზიელს მხრის მოტეხილობის გამო ოპერაცია ჩაუტარდება და შემდეგ დაუბრუნდება ჟოზე მოურინიოს გუნდს. ამ ეტაპზე მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოდ მინიმუმ ერთი თვე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.

მოთამაშემ ტრავმა ინგლისის ჩემპიონატის გასულ ტურში ''ასტონ ვილასთან'' შეხვედრაში მიიღო, თუმცა ეს მატჩი ფეხბურთელისთვის და ''დეზებისთვის'' წარმატებული გამოდგა. ''ჰამბურგისა'' და ლევერკუზენის ''ბაიერის'' ყოფილმა შემტევმა დუბლი შეასრულა, გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის მეოთხე დამატებულ წუთზე შეაგდო. 24 ტურის შემდეგ მოურინიოს გუნდი საუკეთესო ოთხეულს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

27 წლის სონი, რომელმაც მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის 21 მატჩში 9 გოლი შეაგდო, ჩრდილოლონდონელებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ''ლაიფციგთან'' შეხვედრაში ვერ დაეხმარება. მიმდინარე კვირაში, ოთხშაბათს ღამით ჟოზე მოურინიოსა და უნიჭიერესი გერმანელი სპეციალისტის, იულიან ნაგელსმანის სამწვრთნელო დუელი შედგება.

სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების შემტევი ინგლისის პრემიერ ლიგაში მეოთხე სეზონს ატარებს. მის ანგარიშზე 151 მატჩში გატანილი 51 გოლია. ასევე, მან შეასრულა 31 საგოლე გადაცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები