Aa
Aa

შაკი და ჯორდანი - ზაიონი ლეგენდების მიღწევებს იმეორებს

„ნიუ ორლეან პელიკანსის“ ახალწვეულმა, ზაიონ უილიამსონმა მორიგ ისტორიულ შედეგს მიაღწია. „ოკლაჰომასთან“ მატჩში მან თავისთვის სარეკორდო, 32 ქულა დააგროვა და ბოლო 35 წლის განმავლობაში პირველი ახალწვეული გახდა, რომელმაც NBA-ში ჩატარებული საწყისი 10 შეხვედრიდან 8-ში მინიმუმ 20 ქულა ჩააგდო.

ზაიონმა ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის მიღწევა გაიმეორა, თუმცა ამაზე არ გაჩერებულა. უილიამსონი NBA-ის ისტორიაში მეოთხე თინეიჯერია, რომელმაც სულ მცირე 30 ქულა ზედიზედ ორ შეხვედრაში მიითვალა. „პელიკანსის“ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსს, დევინ ბუკერსა და ლუკა დონჩიჩს გაუთანაბრდა.

დაბოლოს, სამქულიანი ტყორცნის შემოღების შემდეგ, NBA-ში ჩატარებულ საწყის 10 შეხვედრაში 200-ზე მეტი ქულა, 55-ზე უკეთესი პროცენტით, მხოლოდ ორ კალათბურთელს აქვს დაგროვებული. ერთი მათგანი შაკილ ონილი გახლავთ, ხოლო მეორე - ზაიონ უილიამსონი.

აქვე გეტყვით, რომ 2019 წლის დრაფტის პირველი ნომრის ფენომენალური ასპარეზობის მიუხედავად, „ნიუ ორლეანი“ „ოკლაჰომასთან“ მაინც დამარცხდა. „თანდერმა“ ბრენდონ ინგრემის არყოფნით მშვენივრად ისარგებლა და მეტოქეს 123-118 სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები