„პსჟ თუ ესპანეთი? პსჟ — მათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, კვარა ჰყავთ“ | დიტმარ ჰამანი
გერმანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, დიტმარ ჰამანს მიაჩნია, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, ესპანეთის დამარცხება შეუძლია. ჰამანი ჩემპიონთა ლიგას მუნდიალზე მაღლა აყენებს და თვლის, რომ პსჟ-ის რიგებში დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს.
„ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, „პარი სენ-ჟერმენი“ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, ესპანეთს რომ შეხვდეს, ფსონს პარიზელებზე ჩამოვიდოდი. ახლა პსჟ-ს უფრო მეტი ტოპ დონის მოთამაშე ჰყავს და, თან, წმინდა საფეხბურთო გადმოსახედიდან, ვთვლი, რომ ჩემპიონთა ლიგა მსოფლიო ჩემპიონატზე მაღლა დგას.
„პარი სენ-ჟერმენის“ კონკურენტები ლიგაზე? პირადად მე, პსჟ-ს კონკურენტებზე ერთი თავით მაღლა ვაყენებ. ორი აზრი არაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სახით პარიზელებს ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავთ.
პსჟ-ს ყველა პოზიციაზე მსოფლიო კლასის მოთამაშე ჰყავს და მათი კაპიტანი, მარკინიოსი გუნდს შესანიშნავად ხელმძღვანელობს. ასე რომ, „პარი სენ-ჟერმენი“ არის გუნდი, რომლის დამარცხებაც ჩემპიონობისთვის აუცილებელი იქნება“.
ცნობისთვის, ლუის ენრიკეს გუნდმა საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონი ცუდად დაიწყო — სამი შეხვედრიდან ორი ფრედ დაასრულა და ერთი წააგო. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ტიტულის დასაცავად მიმავალ გზაზე პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, „სლოვანთან“ გამართავს.