ბართიშვილი, კვარაცხელია, მამარდაშვილი და სხვა ტალანტები... - სვანაძე ლონდონურ გამოცემას ესაუბრა
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გავლენიან ბრიტანულ გამოცემა Football.London-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ქართულ ფეხბურთზე, ქართველ ტალანტებსა და უკვე შემდგარ ვარსკვლავებზე ამომწურავად ისაუბრა.
სვანაძემ 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ჩატარებული ზედიზედ ორი ევროპის ჩემპიონატიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ამ ტურნირებმა ქართველი ფეხბურთელების განვითარებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა.
ქართველი სპეციალისტი საქართველოში ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ 10 წლის წინანდელთან შედარებით, ახლა ქვეყანაში საგრძნობლად გაუმჯობესებული პირობებია, რაც ახალგაზრდებს პროფესიონალ ფეხბურთელებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვნად ეხმარება.
რამაზ სვანაძის ინტერვიუ:
„ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აუცილებლობა და ქართული ფეხბურთის განვითარების აბსოლუტური წინაპირობა იყო, რადგან 2016 წლამდე, სანამ პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილი მოვიდოდა, საქართველოში ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო“.
„ამან, ცხადია, განსაკუთრებით შეაფერხა ახალგაზრდების განვითარება, რადგან იმისათვის, რომ ბავშვებს სრულად განვითარების და თავიანთი ნიჭის რეალიზების საშუალება მიეცეთ, აუცილებლად გჭირდებათ სათანადო ინფრასტრუქტურა, მოედნები, სავარჯიშო ბაზები და ა.შ. და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ეს პროექტებიც“.
„უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება, ქვეყანაში ფეხბურთის მოთამაშე ახალგაზრდების რაოდენობის მატება - ეს ყველაფერი ახლა უკვე გაზომვადია. გადახედეთ ბოლოდროინდელ შედეგებს, სტრატეგიებსა და არსებულ ციფრებს; საქართველოში იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ახლა ფეხბურთს თამაშობენ, თითქმის ხუთჯერ გაიზარდა.“
„2023 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელსაც ჩვენ ვუმასპინძლეთ, ფასდაუდებელი გამოცდილება იყო როგორც მწვრთნელებისთვის, ისე ფეხბურთელებისთვის და, კერძოდ, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების საქმეში“.
„ამან ახალგაზრდებს საშუალება მისცა, პირადად გამოეცადათ ის, რასაც მანამდე მხოლოდ ტელევიზორში უყურებდნენ და რასაც მხოლოდ სხვა გუნდების თამაშის ყურებისას განიცდიდნენ. ხოლო როდესაც საქართველომ კვალიფიკაცია მოიპოვა, უამრავი ადამიანი მივიდა თამაშებზე, სხვები კი - ფაქტობრივად მთელი ქვეყანა - მატჩებს ტელევიზორით ადევნებდა თვალს.“
„საქმე მხოლოდ გუნდის უშუალო ასპარეზობაში არ ყოფილა; ამ ტურნირმა ქართული ფეხბურთის ახალ ვარსკვლავებსა და ახალ მისაბაძ მაგალითებს საშუალება მისცა, საერთაშორისო დონეზე დაემკვიდრებინათ თავი და სახელი გაეთქვათ. ცხადია, ხვიჩა კვარაცხელია უკვე იდგა იმ გზაზე, რომ გამხდარიყო ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ის დღეს არის, მაგრამ ეს ეხება სხვა მოთამაშეებსაც, როგორებიც არიან გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ახლა „ლივერპულშია“ და ჟორჟ მიქაუტაძე, რომელიც ამჟამად „ვილიარეალში“ ირიცხება.“
„ევროპის ჩემპიონატი მათ კარიერულ წინსვლაში ძალიან დაეხმარა და ისეთ ვარსკვლავებად და მისაბაძ მაგალითებად აქცია, რომლებსაც ახლა ქართველი ბავშვები ბაძავენ. ასე რომ, ერთბაშად, მათ აღარ უწევთ ისწრაფვოდნენ, რომ გახდნენ ბრაზილიელი ფეხბურთელები, გერმანელი ვარსკვლავები თუ სხვა; ახლა მათ შეუძლიათ სურდეთ, რომ ახალი კვარაცხელია ან ახალი მამარდაშვილი იყვნენ!“
„რაც შეეხება ანდრია ბართიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ის 21-წლამდელთა ნაკრებში მხოლოდ რამდენჯერმეა გამოძახებული, ცხადია, მას ადრეული ბავშვობიდან ვაკვირდებით. შესაბამისად, თითოეულ ტალანტზე ყველა სახის ინფორმაციას, სტატისტიკასა და ფსიქოლოგიურ პორტრეტს 15-წლამდელთა ასაკამდელ პერიოდშიც კი ვფლობდით.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების სტრუქტურაში მყოფი ყველა მწვრთნელი მას ძალიან კარგად იცნობს. ჩვენ ვიცით, როგორი განსაკუთრებული ტალანტია ის და რა შეუძლია გააკეთოს მოედანზე.
ის არის ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე რეალური სხვაობის შექმნა შეუძლია. მას აქვს ბურთის ფლობის ისეთი ინდივიდუალური უნარები, რაც თანამედროვე ფეხბურთში სულ უფრო იშვიათი ხდება; ის არის მოთამაშე, რომელსაც სურს ბურთის მიღება, მეტოქეების ჩამოტოვება და თავისი ტექნიკური დრიბლინგის გამოყენება - ზუსტად ისე, როგორც თავად კვარაცხელიას.“