Aa
Aa

ისევ MVP! - თოკო ამჯერად "ობრადოირომ" ვერ გააჩერა

ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ. ქართველი მძიმე ფორვარდი „ობრადოიროსთან“ გამართულ შეხვედრაში MVP გახდა.

შენგელიას „ბასკონიამ“ მეტოქეს საკუთარ პარკეტზე უმასპინძლა და სოლიდური სხვაობით - 83:69 დაამარცხა. თოკომ 34:46 წუთი ითამაშა, რა დროშიც 19 ქულა, 7 მოხსნა (მათ შორის 2 შეტევაში), 3 ასისტი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. შედეგად, მისი სარგებლიანობის ინდექსი 33-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

ბასკთა ქართველმა კაპიტანმა 6-ვე ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

„ბასკონიამ“, 21 ტურში, მე-10 გამარჯვება იზეიმა და ფლეი-ოფის ზონას მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება. „ლიგა ენდესაში“ დაახლოებით 3-კვირიანი შესვენება გამოცხადდა, შესაბამისად, შენგელიას გუნდი 29 თებერვალს, ერთ-ერთ აუტსაიდერ „ფუენლაბრადასთან“ სტუმრად ითამაშებს.

აქვე დავამატოთ, რომ ოდნავ მოგვიანებით ჩაატარა თავისი მატჩი ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“, რომელიც „ბარსელონასთან“ საკუთარ პარკეტზე 65:81 დამარცხდა. ბურჯანაძემ „ბარსას“ 13 ქულა ჩაუგდო.

მსგავსი სიახლეები