კობიაშვილი ''ტორპედოზე'': ''ყველაფერი დადებითად გადაწყდება''
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ''რადიო იმედს'' რამდენიმე მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე ესაუბრა. ჩატარებული მატჩების რაოდენობით საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენმა (100) დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის გასულ 30 წელზე, ერთა ლიგის ნახევარფინალსა და ქუთაისის ''ტორპედოში'' შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ ისაუბრა.
ლევან კობიაშვილი: ''ფეხბურთის ფედერაცია იყო პირველი, ვინც საბჭოთა კავშირს გამოეყო და პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩაატარა. ეს ნაბიჯი პატრიოტული იყო და დასაფასებელია.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინერციით ფეხბურთში ქომაგთა ჩართულობა კვლავ დიდი იყო, თუმცა ქვეყანაში არსებულმა კრიზიულმა ვითარებამ, ომმა და დაპირისპირებებმა ქართულ ფეხბურთზე უარყოფითი გავლენა იქონიეს.
გამომდინარე იქიდან, რომ გასული 30 წლის განმავლობაში ეროვნულ გუნდს ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია, საზოგადოებაში ნეგატიური განწყობებია. შესაძლოა ეს ნეგატიური განწყობები არ გვსიამოვნებდეს, მაგრამ კრიტიკა უნდა მივიღოთ და ვაღიაროთ, რომ რაღაცები არასწორად გაკეთდა. კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან თავს შევიკავებ, წარუმატებლობაზე ყველანი პასუხისმგებლები ვართ, ვინც ქართულ ფეხბურთში ჩართული იყო.
ბოლო 30 წლიდან გამომდინარე ქართულ ფეხბურთში ნამდვილად იყო იმის რესურსი, რომ უფრო მეტი წარმატებისთვის მიგვეღწია.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია იყო.
თუ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება, არა მარტო ქართული ფეხბურთისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იქნება.''
სანაკრებო თემის გარდა ლევან კობიაშვილმა ქუთაისის ''ტორპედოში'' არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა:''საზოგადოევრივ მაუწყებელზე ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ამბობდა, რომ ''ტორპედოს'' ფეხბურთის ფედერაციის ვალი აქვს 3 მილიონ 700 000 ლარი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ცხადია ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება გამაღიზიანებელია.
წლების წინ ''ტორპედო'' ბევრად მძიმე ვითარებაში იყო. ამ ეტაპზე ''ტორპედომ'' ლიცენზია მიიღო, მაგრამ მონიტორინგის რეჟიმშია. აუდიტმა უნდა დადოს დასკვნა თუ რამდენადაა ''ტორპედო'' გადახდისუნარიანი. კლუბს რომ ფეხბურთელთა და თანამშრომელთა დავალიანება აქვს, ეს პრობლემაა, თუმცა მთავარია რომ ჩემპიონატის დასრულებამდე აუდიტმა ''ტორპედოს'' შესახებ გამოაქვეყნოს დასკვნა და თუ აუდიტი ჩათვლის, რომ კლუბი არსებობას შესძლებს, მას უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება ექნება.
მცდარია ინფორმაცია, რომ ''ტორპედო'' უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას იმიტომ არ მიიღებს, რომ ფეხბურთელთა დავალიანება აქვს. აღმასკომი ''ტორპედოს'' კონკრეტულ ვადებს განუსაზღვრავს და თუ კლუბი განსაზღვრულ ვადებში ხელფასებს ვერ გაისტუმრებს, მაშინ კლუბი ჯარიმდება. ასეთი ვადა კლუბს 25 დეკემბრამდე ჰქონდა და მაშინ აღმასკომის მიერ განსაზღვრული თანხა ''ტორპედომ'' გადაიხადა. ამ ეტაპზე კლუბს მხოლოდ ერთი მომჩივანი ჰყავს და ეს საქმე ახლა შემოვიდა.
იტალიელი ინვესტორები ქუთაისს ოთხშაბათს ესტუმრებიან, ამ საკითხს პოზიტიურად ვუყურებ. ჩემი ინფორმაციით ეს საკითხი ამ დღეებში გადაწყდება ისე, როგორც ქართულ ფეხბურთს და ქუთაისელ გულშემატკივრებს სჭირდება.''
ფოტო: gff.ge