ტუხელი:
Aa
Aa

ტუხელი: "არ მგონია, მბაპე ამის გამო გუნდიდან წავიდეს - მას კონტრაქტი აქვს"

ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, კილიან მბაპესთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"მონპელიესთან" მატჩის მიმდინარეობისას, 68-ე წუთზე, როცა პსჟ 5:0-ს იგებდა, გერმანელმა სპეციალისტმა მბაპე შეცვალა, რამაც ახალგაზრდა ფორვარდის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც პრესა წერს, კილიანი თვლის, რომ ტუხელი მას ზედმეტად ხშირად ცვლის.

"დამწუხრებული ვარ, რადგან 5:0 მოვიგეთ და პრესა იმაზე კი არ ლაპარაკობს, როგორ ვითამაშეთ, არამედ სხვა თემას განიხილავს. ჩვენი ასპარეზობა ძალიან მომეწონა, ეს ნამდვილი სპექტაკლი იყო, თუმცა ახლა ამაზე არ ვლაპარაკობთ.

მბაპესა და ჩემ შორის პიროვნული არაფერია. ვიცი, რომ მას მოედნის დატოვება არ უნდოდა და ეს ნორმალურია, თუმცა მსურდა, სათამაშო დრო სათადარიგოთა სკამზე მყოფი ფეხბურთელებისთვისაც მიმეცა. არ მგონია, რომ რაც შაბათს მოხდა, იმის გამო მბაპე კლუბიდან წავიდეს. ის ჩვენი ფეხბურთელია და კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს.

მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ გასახდელში ჩემს გადაწყვეტილებას სწორად გაიგებენ. 5:0-ს ვიგებდით, თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო და გადავწყვიტე, რომ შეცვლის გაკეთება სწორი იქნებოდა. ამის გამო არანაირი შიში და წნეხი არ მიგრძვნია". - ამბობს ტუხელი.

ფრანგულ პრესაში მბაპესა და ტუხელს შორის არსებულ კონფლიქტზე ალაპარაკდნენ. თავად ფეხბურთელს ამ საკითხზე, ჯერჯერობით, არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია.

ესპანური გამოცემები კი უკვე წერენ, რომ მბაპეს გარშემო მიმდინარე მოვლენებს გულდასმით მადრიდის "რეალი" აკვირდება, რომელიც 21 წლის შემტევის გადასაყვანად დიდი ხანია იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები